ცხოვრებამ ნათელი ფერები რომ არ დაკარგოს - ადგილი, სადაც საკუთარ თავს პოულობ
12:21 03.10.2023 (განახლებულია: 17:35 03.10.2023)
© courtesy of Natia Tavadzeნათია თავაძე

© courtesy of Natia Tavadze
გამოწერა
პროფესიის არჩევაში ლიტერატურის სიყვარული და შემოქმედებითი ნატურა დაეხმარა.
ადამიანის ცხოვრებაში ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია დრო, როცა პროფესიას ირჩევ, რადგან ფაქტობრივად ამით საკუთარ მომავალს განსაზღვრავ. როცა ამ მასალის გმირი თავის სავარაუდო პროფესიაზე ფიქრობდა, მისთვის ამოსავალი ის იყო, რომ თავისი საქმით ემოციებისა და გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება შეძლებოდა. საამისოდ ნათია თავაძემ ფილოლოგობა აირჩია. გავიდა დრო და სიტყვებით ქარგვის გარდა მან ნივთების ორიგინალური ფორმით ქარგვაც დაიწყო.
© photo: courtesy of Natia Tavadzeნათია თავაძის ნამუშევარი

ნათია თავაძის ნამუშევარი
- ნათია, როდის მიხვდით, რომ პროფესიულ არჩევანში არ შეცდით?
- ყოველთვის მინდოდა ხელოვნებასთან რაიმე კავშირი მქონოდა, ამიტომ ხელოვნების სამყაროში ჩემს ადგილს წლების განმავლობაში ვეძებდი. საკუთარი თავი ხატვაში, სიმღერასა და თეატრში გამოვცადე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმეები სიამოვნებას მანიჭებდა, ვხვდებოდი, რომ მაინც არ იყო ის, რაც მინდოდა. ერთ დღესაც ავდექი და ძაფებით პატარა დეტალების მოქარგვა დავიწყე. მაშინ ისიც კი არ ვიცოდი, რომ რასაც ვაკეთებდი, ქარგვა ერქვა. ამ პროცესმა ისეთი სიამოვნება მომანიჭა, რომ გადავწყვიტე ამ ხელსაქმის შესახებ უფრო დეტალურად გამეგო. ერთ დღესაც აბიტურიენტობის პარალელურად პატარა ბავშვების მომზადება დავიწყე. მივხვდი, ბავშვებისთვის რომ ცოდნა გადამეცა, ეს იყო საქმე, რომელიც მინდოდა მთელი ცხოვრება მეკეთებინა. ეს იყო ადგილი, სადაც საკუთარი თავი ვიპოვე.
© photo: courtesy of Natia Tavadzeნათია თავაძის ნამუშევარი

ნათია თავაძის ნამუშევარი
- ქარგვა როდის და როგორ დაიწყეთ?
- ინტერნეტში დავიწყე საჭირო ვიდეოების მოძიება, სხვადასხვა სტილით ნივთებზე ქარგვაც ვისწავლე. რაღაც გარკვეულ ეტაპზე მივხვდი, რომ უკვე მზად ვიყავი ნამუშევრები ფართო აუდიტორიისთვის გამეცნო. სწორედ დადებითი გამოხმაურებების შემდეგ შეიქმნა ჩემი გვერდი, სახელად „ნაქარგობა“. ეს არის ადგილი, სადაც საკუთარ ემოციებს უკვე მოქარგული სახით ვუზიარებ ადამიანებს და პარალელურად ვცდილობ მათი ფანტაზიებიც ვაქციო რეალობად.
© photo: courtesy of Natia Tavadzeნათია თავაძის ნამუშევარი

ნათია თავაძის ნამუშევარი
- ძირითადად რას ქარგავთ?
- ვქარგავ ნაჭრის ჩანთებს, ქუდებსა და ტანსაცმელს, მაგრამ ვერ გეტყვით გამორჩეულად რაზე მიყვარს მუშაობა. ყველა მათგანს გარკვეული ადგილი უჭირავს. სირთულის მიხედვით, ალბათ, უფრო ქუდებზე მუშაობაა შედარებით ძნელი, რადგან პატარა არეალი გაქვს მოსაქარგად და ცოტა მოუხერხებელია. თუმცა განსაკუთრებულად რთული არც ესაა. ვფიქრობ, თუ საქმე გიყვარს და მუშაობის პროცესი სიამოვნებას განიჭებს, რთულად და შეუძლებლად არაფერი მოგეჩვენება.
© photo: courtesy of Natia Tavadzeნათია თავაძის ნამუშევარი

ნათია თავაძის ნამუშევარი
- არანაკლებ მნიშვნელოვანია თქვენთვის წიგნების სამყაროც, ბოლო დროს რა წაიკითხეთ და რამ მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება?
- ეს არის მსოფლიო ბესტსელერების ავტორის ჰალიდ ჰოსეინის რომანი „ათასი მოელვარე მზე“, რომელმაც ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. წიგნი ავღანელი ქალების ტრაგიკულ ცხოვრებაზეა. მასში ძალიან კარგად ჩანს, თუ რამხელა ძალა აქვს ქალს, რამდენი ტკივილისა და ტანჯვის მოთმენა შეუძლია, როგორია სიყვარულის ძალა და დედაშვილობა. რამდენადაც სუსტი და ნაზია ქალი, იმდენად ძლიერიცაა. სიამოვნებით მოვქარგავდი ავღანელი ქალების პორტრეტებს, მათ თვალებში გადმოცემულ სევდას, ტანჯვასა და სიძლიერეს. ვფიქრობ, ეს იქნებოდა ჩემი ყველაზე განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ნამუშევარი.
© photo: courtesy of Natia Tavadzeმეუღლესთან ერთად

მეუღლესთან ერთად
- საქმიანობის დროს ვინმე გეხმარებათ?
- მუშაობის დროს მეუღლე მიდგას გვერდში და მეხმარება. ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ ერთმანეთის ცხოვრების გალამაზებას, ხან პატარა დეტალებით, ხანაც დიდი სიურპრიზებით. ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს, საყვარელი ადამიანები ერთმანეთის ყოველწუთიერ გაღიმებასა და გაბედნიერებაზე უნდა ფიქრობდნენ, რათა ცხოვრებამ ნათელი ფერები არ დაკარგოს. ორივეს ძალიან გვიყვარს სურათებითა და ნახატებით „გაფერადებული“ კედლები. ვცდილობთ ყველა იმ დეტალს, რაც ჩვენს ბინას ალამაზებს, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდეს. განა რა არის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენივე ხელით შექმნილი ნივთებია?!.
ნინო მამულაშვილი