მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას სურს ხელი შეუწყოს კარვებში ადამიანების აფეთქებას

© Sputnik / Alexander Imedashviliოპოზიციის კარვები რუსთაველზე
ოპოზიციის კარვები რუსთაველზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2023
გამოწერა
საქართველოში საპროტესტო აქციის ჩატარების წესების შესახებ კანონის გამკაცრებას გეგმავენ.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ვინც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეწინააღმდეგება, არის თანამონაწილე და ხელშემწყობი იმ რევოლუციური გეგმისა, რომლის თანახმადაც კარვებში ათობით ადამიანი უნდა დაიღუპოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც საპროტესტო აქციების დროს დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის სცენის მოწყობის შესახებ ნორმების გამკაცრებას ითვალისწინებს. ამას წინ უძღოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადება, რომ ქვეყანაში ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაცია იგეგმება. განცხადების თანახმად, არეულობა მოსალოდნელია იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება.

„ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილია აქციები. შესაბამისად, ვალდებული ვართ როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე ამის პრევენცია მოვახდინოთ. თუ ამას ეწინააღმდეგები, ეს იმას ნიშნავს, რომ ხარ თანამზრახველი, თანამონაწილე, მოსურვე იმისა, რომ კარვებში ადამიანები ააფეთქონ და ადამიანების გარდაცვალებაზე რევოლუციური გეგმა გავიდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით, დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული საფრთხე იარსებებს, რაზეც მტკიცების ტვირთი სამართალდამცველებს ექნებათ. ხოლო „სხვა შემთხვევაში არაფერი აიკრძალება“.
პროვოკაციების რისკი იზრდება - „ოცნებაში" აქციების წესების გამკაცრების მიზეზი დაასახელეს >>
სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ „კარვების ქალაქის" მოწყობას, სადაც წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას. აფეთქების შემთხვევაში ამის შედეგად დაიღუპებიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
ინიცირებული პროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება უშუალოდ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.
გარდა ამისა, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე აქციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.
USAID-ის მოწვევით ჩამოსული სერბეთის მოქალაქეები საქართველოში რევოლუციას გეგმავდნენ>>
კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს.
აღნიშნული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.
სუსის გამოძიება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ქართული წარმოშობის სამხედროების ჯგუფი, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტში მონაწილეობენ, და დაინტერესებული მხარის გავლენის ქვეშ მყოფი ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა წვრთნაც მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, გამოყენებული იქნებიან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით სამოქალაქო არეულობის ორგანიზებისთვის.
უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. აღნიშნულია, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში არიან ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურია.
პაპუაშვილი: სააკაშვილი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტია>>>
დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
ხელისუფლების დამხობის შეთქმულების მონაწილეთა მოლოდინი იმაზეა გათვლილი, რომ გამოქვეყნებული დასკვნა უარყოფითი იქნება და რომ მათ ხელში არსებული საინფორმაციო ქსელებით ხელისუფლებისთვის ხელოვნურად მიკერებული იარლიყი „პრორუსულის" გამოყენებით ნიადაგი შეიქმნება საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისთვის, აღნიშნეს სუსში.
რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი" (CANVAS), რომლის ბირთვსაც წარმოადგენს ორგანიზაცია „ოტპორი", განაცხადეს სუსში. მათი თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციებმა მიიღეს წარსულში აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებისა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით.
აღნიშნული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელთა შორისაა ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებზე და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირება და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები, რომლებიც შეიცავენ სერიოზული პროვოკაციის ელემენტებს.
დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება 2014 წელს უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის" მსგავსი სცენარის საქართველოში განხორციელება, აღნიშნულია სუსის განცხადებაში.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ „კარვების ქალაქის" ტერიტორიაზე, სადაც გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციები გაიმართება, წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
სუსში აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქვეყანაში პროვოკაციები იგეგმება.
უსაფრთხოების სამსახურში 2 ოქტომბერს აგრეთვე განაცხადეს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მოწვევით საქართველოში 25 სექტემბერს სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი ჩამოვიდნენ. მათ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლები, კერძოდ, ერთ-ერთი დიდი ჯგუფი გადაამზადეს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში.
სუსის ინფორმაციით, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან. სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.
ყველა ახალი ამბავი
0