ევროკავშირის წევრობის სტატუსი და 15-წლინი საქმიანობა საქართველოში: EUMM-ის ხელმძღვანელი

© photo: Sputnik / StringerEUMM - ევროპელი დამკვირვებლების მისია საქართველოში
EUMM - ევროპელი დამკვირვებლების მისია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2023
გამოწერა
მისიის მიზანია - საქართველოში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი მშვიდობის ხელშეწყობა, განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან თითოეული, და არა ევროკომისია, განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელმა დიმიტრიოს კარაბალისმა.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
„ჩემი აზრით, კომისია არ არის ის, ვინც სტატუსს იძლევა. ევროკავშირში 27 წევრი სახელმწიფოა და თითოეულ მათგანს აქვს სუვერენული აზრი გადაწყვეტილების მისაღებად, ისინი განკარგულებებს არ იღებენ. ამიტომ როდესაც ვამბობ, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების პროცესი 27 წევრი სახელმწიფოს ხელშია, გთხოვთ, დაიმახსოვროთ ეს“, – განაცხადა დიმიტრიოს კარაბალისმა.
მისიის ხელმძღვანელის თქმით, ექვსპუნქტიანი შეთანხმების მიხედვით, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ არის ხელმოწერილი, კონფლიქტის გადაჭრა არ არის დამოკიდებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაზე, მაგრამ ისინი მშვიდი და სტაბილური სიტუაციის შენარჩუნებას ცდილობენ შესაბამისი გარემოს შესაქმნელად, რომ მხარეები მაგიდასთან დასხდნენ და გამოსავალი იპოვონ.
„ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ სათანადო პირობები დიალოგისა და გამოსავლის პოვნისთვის“, - განაცხადა კარაბილისმა.
სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თქმით, 15 წლის წინ საქართველოში პატრულირება ორასზე მეტმა დამკვირვებელმა დაიწყო.
„15 წლის წინ საქართველოში ორასზე მეტმა დამკვირვებელმა დაიწყო პატრულირება, 2008 წლის აგვისტოს დამანგრეველი ომიდან სულ რაღაც ექვსი კვირის გასვლის შემდეგ. ამ კონფლიქტმა სერიოზული გავლენა იქონია და ჯერ კიდევ აქვს ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე“, - განაცხადა კარაბილისმა.
მისი თქმით, მისიის მიზანია - საქართველოში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი მშვიდობის ხელშეწყობა.
„ევროკავშირი რჩება საქართველოში, და უფრო ფართო რეგიონში, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გრძელვადიანი ვალდებულების ერთგული. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ეუთო-სთან ერთად აგრძელებს გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენისკენ მოწოდებას“, – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.
დიმიტრიოს კარაბილისის თქმით, გადაადგილების მეტი თავისუფლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ.
პრემიერი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა >>
27 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურად გახსნა სპეციალური ფოტოგამოფენა, რომელიც საქართველოში EUMM-ის 15 წლიან მოღვაწეობას მიეძღვნა. ღონისძიებაზე მისიის ხელმძღვანელმა დიმიტრიოს კარაბალისმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმისათვის, რომ 15 წლის განმავლობაში მისიის მიმღები მხარის როლს ასრულებს.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში სიტუაციის მონიტორინგს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ახორციელებს. მისიის მთავარი ამოცანებია – კონფლიქტის შესაძლო განმეორების აღკვეთა, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური ცხოვრების აღდგენა.
EUMM — ესაა დამკვირვებლების სამოქალაქო შეუიარაღებელი მისია, რომელიც კონფლიქტის ზონებში ვითარების სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციის პროცესებს უჭერს მხარს საქართველოსა და რუსეთს შორის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც 2008 წლის აგვისტოში მოეწერა ხელი.
საქართველო სტატუსის მოლოდინში
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0