საქართველოს ეკონომიკა იზრდება - აგვისტოს სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2023
გამოწერა
2023 წლის აგვისტოში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მშენებლობის, ვაჭრობის, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის სფეროებმა
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2023 წლის აგვისტოში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,8% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2023 წლის იანვარი–აგვისტოში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7% შეადგინა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის მაჩვენებელი 10,1% იყო.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მშენებლობის, ვაჭრობის, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის სფეროებმა, ასევე გადამამუშავებელმა მრეწველობამ.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა უძრავი ქონების, ტრანსპორტის და სასაწყობო მეურნეობის სექტორებში, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროებში.
რა გაიზარდა და რამდენით
2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის ზრდამ 2023 წლის 8 თვეში 14,4% შეადგინა, იმპორტის – 17,8%.
გასულ თვეში ქვეყანაში დაახლოებით 6,1 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა – 12,6%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
„დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა გაიზარდა 4,2%-ით და 12,4 მილიარდი ლარი შეადგინა“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ პაატა შავიშვილმა ბრიფინგზე.
შავიშვილის თქმით, ფინანსური და სადაზღვევო სექტორის ზრდა ძირითადად კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდით არის განპირობებული.
სამშენებლო სექტორის ზრდა ძირითადად უკავშირდება შენობა-ნაგებობების მშენებლობას, ასევე სამოქალაქო მშენებლობას: რკინიგზა, გამანაწილებელი ობიექტები.
შავიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში სამშენებლო მასალების იმპორტი თითქმის 18%-ით გაიზარდა.
„მნიშვნელოვანი პროგრესი" - პრემიერი ეკონომიკის ზრდაზე >>
ზრდა გადამამუშავებელ მრეწველობაში ძირითადად უკავშირდება ძირითადი მეტალების წარმოების მოცულობების ზრდას: თუჯი, ფოლადი, ფეროშენადნობები.
ვაჭრობის სექტორში ზრდა განაპირობა ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის ზრდამ. აგვისტოში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი 58%-ით გაიზარდა. განსაკუთრებული ზრდა ყაზახეთისა და ყირგიზეთის მიმართულებით დაფიქსირდა.
გაიზარდა კვების პროდუქტებით, სასმელით, თამბაქოთი ვაჭრობის მოცულობები.
ყველა ახალი ამბავი
0