პაპუაშვილი: სრული მხარდაჭერა გვაქვს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

  - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2023
გამოწერა
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩვენი კოლეგების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა გვაქვს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ირლანდიაში ვიზიტის შეფასებისას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირლანდიაში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაში მონაწილეობისთვის სამუშაო ვიზიტით 27 სექტემბერს გაემგზავრა. ეს არის დიდი საპარლამენტო სამიტი, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ტარდება სტრასბურგში და ევროპის საბჭოს წევრი რომელიმე სახელმწიფო დედაქალაქში მონაცვლეობით.
ვიზიტის ფარგლებში, გარდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებისა, შალვა პაპუაშვილი ასევე შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს.

„ათამდე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან მქონდა საუბარი. ყველა კოლეგის მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა, რომ საქართველოს დეკემბერში სტატუსი მიენიჭოს“, — განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

თუმცა, მისი თქმით, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ გადაწყვეტილება კონსესუსით მიიღება და ევროკავშირის თითოეული ქვეყნის აზრი მნიშვნელოვანია.
„სამწუხაროდ, ერთ ქვეყანასაც შეუძლია რაღაც გადაწყვეტილებები დაბლოკოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრი ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს უპირობო მხარდამჭერები არიან, იყვნენ განსაკუთრებით ხმამაღალი ამ მხარდაჭერაში, რათა იმ შემთხვევაში, თუ სკეპტიკოსები გამოჩნდებიან, სამწუხაროდ, ამას ვხედავთ ხოლმე სხვადასხვა განცხადებებით, ამ სკეპტიკოსებმა საკუთარი პოზიციები ვერ გაიტანონ“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების დაკვირვებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსზე „ნეგატიური დამოკიდებულება იმის პირდაპირპროპორციულია, თუ რამდენად მეგობარია ვიღაც მიხეილ სააკაშვილისა“.

„ამ შემთხვევაში საქართველოს მეგობრებმა უნდა გაიმარჯვონ და ქართველმა ხალხმა მიიღოს ის დამსახურებული წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე, რასაც ჩვენ არა მხოლოდ ეს წელიწად-ნახევარი, არამედ მთელი დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდში ბრძოლით, სახელმწიფო ინსტიტუციების მშენებლობითა და ჩვენი ქვეყნის იმ პოზიციებზე გაყვანით ვიმსახურებთ, რითაც ბევრი რეიტინგით ვუსწრებთ ყველა კანდიდატ და, რიგ შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნებსაც“, — აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველო სტატუსის მოლოდინში

ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0