„რევოლუციური სცენარის" საქმე: „კანვასის" წევრები სუსში გამოკითხვაზე იმყოფებიან

© State Security Service of Georgia
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2023
გამოწერა
გამოკითხვაზე დაბარებულ პირებს მედიასთან წინასწარ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე სერბეთის სამი მოქალაქე დაიბარეს შესაძლო დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეზე გამოძიებასთან დაკავშირებით, იუწყება „პირველი არხი“.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება, დესტაბილიზაცია და არეულობები იგეგმება ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით, უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, სერბეთის სამივე მოქალაქე ორგანიზაცია „კანვასის“ წევრია. ისინი გამოკითხვაზე მისვლამდე თბილისში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ტრენინგზე იმყოფებოდნენ, რომელსაც რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრებოდა. ცნობილია, რომ სემინარის მთავარი თემა „სამოქალაქო აქტივიზმი“ იყო.
გამოკითხვაზე დაბარებულ პირებს მედიასთან წინასწარ კომენტარი არ გაუკეთებიათ. მათი თქმით, გამოკითხვის პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან იმ დეტალებზე ისაუბრებენ, რომლის გამჟღავნების უფლებაც ექნებათ, რადგან, შესაძლოა, გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მოაწერინონ ხელი.
სერბეთის მოქალაქეების ინტერესებს საქართველოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები იცავენ.
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2023
ყველა სამაგალითოდ დაისჯება - პრემიერი სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ

სუსის გამოძიება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ქართული წარმოშობის სამხედროების ჯგუფი, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტში მონაწილეობენ, და დაინტერესებული მხარის გავლენის ქვეშ მყოფი ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა წვრთნაც მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით სამოქალაქო არეულობის ორგანიზებისთვის იქნებიან გამოყენებული.
უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე.
გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში არიან ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურია.
დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი" (CANVAS), რომლის ბირთვსაც წარმოადგენს ორგანიზაცია „ოტპორი", განაცხადეს სუსში. მათი თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციებმა მიიღეს წარსულში აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებისა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით.
აღნიშნული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელთა შორისაა ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებზე და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირება და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები, რომლებიც შეიცავენ სერიოზული პროვოკაციის ელემენტებს.
დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება 2014 წელს უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის" მსგავსი სცენარის საქართველოში განხორციელება, აღნიშნულია სუსის განცხადებაში.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ „კარვების ქალაქის" ტერიტორიაზე, სადაც გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციები გაიმართება, წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
სუსში აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქვეყანაში პროვოკაციები იგეგმება.
ყველა ახალი ამბავი
0