სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლებსა და კატებს ცოფზე უფასოდ აცრის

© photo: Sputnik / Stringerძაღლი
ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2023
გამოწერა
ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში კატებისა და ძაღლების უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სურსათის სააგენტოს ოფისებსა და სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში ვაქცინაცია უტარდება როგორც შინაურ, ისე თავშესაფარში მყოფ ცხოველებს.
სააგენტო შინაური ცხოველების პატრონებს მოუწოდებს, მათ ცოფის საწინააღმდეგო აცრა ყოველ წელს ჩაუტარონ.
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე 2007 წლიდან ყოველწლიურად 28 სექტემბერს აღინიშნება და მას კოორდინაციას ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსი (GARC) უწევს. მისი მიზანია ცხოველებში ცოფით დაავადების შემთხვევების მინიმუმამდე შემცირება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რაც დაავადების პრევენციის წინაპირობაა.
საქართველო შეუერთდა გამოწვევას და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ სტრატეგიას, რომელიც 2030 წლისთვის ძაღლისგან ადამიანის ცოფით დაავადების სრულად აღმოფხვრას გულისხმობს.
ძაღლისგან ადამიანზე ცოფის გადაცემის შემთხვევები 2030 წლისთვის სრულად აღმოიფხვრება>>>
ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს.
სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოში ყოველწლიურად 270 ათასზე მეტ ცხოველს ცრის, ამასთან ცოფზე აცრა 35-დან 49 ათასამდე ადამიანს უტარდება.
მიმდინარე წლის მაისში ლაბორატორიულად დადასტურებული ცოფის შემთხვევის გამო ხონის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა. მანამდე კი ცოფის შემთხვევები გამოვლინდა ამბროლაურში, მარტვილსა და ქუთაისში.
ცოფი – სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ცოფის ვირუსი იწვევს. ცოფი გადადის ნერწყვით, დაავადებული ცხოველის კბენის, დაკაწვრისა და დადორბვლის შედეგად. შემდეგ ვრცელდება ნერვული სისტემის გზით, აღწევს თავის ტვინის ქერქის ნერვულ უჯრედებს და იწვევს მძიმე დარღვევებს, რაც სიკვდილით სრულდება.
ადამიანთა ცოფით დაავადების და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც ამ დაავადებამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ყველა ახალი ამბავი
0