ძაღლისგან ადამიანზე ცოფის გადაცემის შემთხვევები 2030 წლისთვის სრულად აღმოიფხვრება

© photo: Sputnik / Stringerძაღლი
ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2023
გამოწერა
ცოფთან ბრძოლის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანაა.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველო შეუერთდა გამოწვევას და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ სტრატეგიას, რომელიც 2030 წლისთვის ძაღლისგან ადამიანის ცოფით დაავადების სრულად აღმოფხვრას გულისხმობს, განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.
თბილისში ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მეოთხე რეგიონული კონფერენცია ტარდება. საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს WOAH-ის წარმომადგენლობით რეგიონულ შეხვედრას.
ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წამყვანი ექსპერტები განიხილავენ ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტებს, ძაღლების პოპულაციის მართვის თანამედროვე მიდგომებს, ცოფის პრევენციისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საკითხებს. კონფერენციის მიზანია WOAH სტანდარტებთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარება და მათი სრულყოფილად დანერგვა.

„აღნიშნული ღონისძიების ორგანიზება უნიკალური შესაძლებლობაა, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო გვთავაზობს. ქართველი სპეციალისტები ძალიან დიდ ძალისხმევასა და რესურსს დებენ გლობალური მიზნის მიღწევაში, რაც გულისხმობს 2030 წლისთვის ადამიანებში ძაღლისგან გამოწვეული ცოფის შემთხვევების სრულ ელიმინაციას", – განაცხადა WOAH-ის წარმომადგენელმა პაოლო დალა ვილამ.

მისი თქმით, ცოფთან ბრძოლის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანაა.

„მჯერა, რომ ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტების დანერგვას რეგიონში ვეტერინარული მომსახურების გასაძლიერებლად", – განაცხადა დალა ვილამ.

საერთაშორისო კონფერენცია სამი დღე გაგრძელდება და მასში უცხოელი სტუმრების გარდა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის, თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ცოფის შემთხვევის გამო ხონში კარანტინი გამოცხადდება: რამდენ პირთან ჰქონდა კონტაქტი ცხოველს>>>
მიმდინარე წლის მაისში ლაბორატორიულად დადასტურებული ცოფის შემთხვევის გამო ხონის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა. მანამდე კი ცოფის შემთხვევები გამოვლინდა ამბროლაურში, მარტვილსა და ქუთაისში.
სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოში ყოველწლიურად 270 ათასზე მეტ ცხოველს ცრის, ამასთან ცოფზე აცრა 35-დან 49 ათასამდე ადამიანს უტარდება.
ცოფი – სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ცოფის ვირუსი იწვევს. ცოფი გადადის ნერწყვით, დაავადებული ცხოველის კბენის, დაკაწვრისა და დადორბვლის შედეგად. შემდეგ ვრცელდება ნერვული სისტემის გზით, აღწევს თავის ტვინის ქერქის ნერვულ უჯრედებს და იწვევს მძიმე დარღვევებს, რაც სიკვდილით სრულდება.
ადამიანთა ცოფით დაავადების და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც ამ დაავადებამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ყველა ახალი ამბავი
0