„ომმა მძიმე კვალი დაამჩნია ჩვენს ქვეყანას" - პრემიერი სოხუმის დაცემაზე

  - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
გამოწერა
მჯერა, რომ მომავალი აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ეკუთვნის, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. სოხუმის დაცემით დასრულდა თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა – აფხაზეთის ომი, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოში 27 სექტემბერი აღინიშნება, როგორც ხსოვნისა და იმედის დღე. ამ დღეს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

„ზუსტად 30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა, აფხაზეთის ომი. ომმა მძიმე კვალი დაამჩნია ჩვენს ქვეყანას – ასობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა და, რაც ყველაზე სამწუხაროა, მან ტრაგიკულად შეიწირა მრავალი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე", – დაწერა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ამ დღიდან საქართველოს გაერთიანება ქვეყნის თითოეული მცხოვრებისთვის მთავარი მიზანია და ის ეფუძნება რწმენას, რომ ერთიან, ძლიერ, განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენი ხალხისთვის.
„დღეს, როდესაც გაღებულ მსხვერპლს ვიხსენებთ, კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი. ჩვენი ხელისუფლება მტკიცედ მიჰყვება ამ გზას, რადგან ღრმად გვწამს – მშვიდობა ის საფუძველია, რომელზეც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად უნდა ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი, განვითარებული ქვეყანა. მჯერა, რომ მომავალი აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ეკუთვნის", – განაცხადა პრემიერმა.
სოხუმის დაცემის დღე - საქართველოში ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ>>>
სოხუმი ადგილობრივ, რუსულ და ჩრდილოკავკასიურ შეიარაღებულ ფორმირებათა ხელში 1993 წლის 27 სექტემბერს გადავიდა, რომლებმაც 30 სექტემბერს თითქმის მთელ აფხაზეთზე დაამყარეს კონტროლი.
შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თენგიზ კიტოვანის ბრძანებით ეროვნული გვარდია აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე ფსოუ−ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად შევიდა. ე.წ. აფხაზური გვარდიის მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველ სამხედროებს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება, მერე კი ომი მოჰყვა.
ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, შედეგად ასობით ათასი ლტოლვილი, ათობით ათასი დაღუპული და აფხაზეთზე ოფიციალური თბილისის კონტროლის დაკარგვა მოიტანა. აფხაზეთის ომში საქართველომ დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დაკარგა.
ყველა ახალი ამბავი
0