„ეს კონტრპროდუქტიულია“ - მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის ვიზიტების შესახებ

© Ministry of Justice of Georgiaმიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობის თანხმობის გარეშე განხორციელებული ვიზიტები ევროპაში იმპიჩმენტის პროცედურების დაწყების მიზეზი გახდა.
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები ევროპაში, რომლებიც ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება, კონტრპროდუქტიულია, განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.
„ქართულმა ოცნებამ" ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ წამოიწყო, რაც სახელმწიფო მეთაურმა 31 აგვისტოს საზღვარგარეთული ტურნე და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო მთავრობის თანხმობის გარეშე. პრეზიდენტის თქმით, მისი მოგზაურობების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით.
„პრეზიდენტის განცხადებით, მისი მოგზაურობების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. რეალურად, ეს სრულიად კონტრპროდუქტიულია“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ამასთან დეპუტატი მიიჩნევს, რომ რთული სათქმელია, , პრეზიდენტი ამას შეგნებულად აკეთებს თუ გაუაზრებლად.
„პირადად მე ნამდვილად არ მგონია, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვებას დაეხმარება ასეთი განცხადებების კეთება, რომ საქართველოში რუსული გადაწყვეტილებები მიიღება ან ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
დეპუტატის თქმით, საქართველოს კონსტიტუცია ადგენს და განსაზღვრავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ გახლავთ უფლებამოსილი, დამოუკიდებლად იმოქმედოს საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში და მას ასეთი წარმომადგენლობის განსახორციელებლად მთავრობის თანხმობა სჭირდება.
„ცივილიზებულ სახელმწიფოში ყველა უნდა ახერხებდეს, საკუთარი ქმედებები ისე დაგეგმოს, რომ ეს თავსებადი იყოს საქართველოს კონსტიტუციასთან. თუკი ამას ვინმე ვერ ახერხებს, ეს არ ნიშნავს, რომ კონსტიტუციის ან სხვისი პრობლემაა. ეს მისივე პრობლემაა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს. საქართველოს პრეზიდენტმა ორშაბათს, 25 სექტემბერს ტალინში შეხვედრა გამართა ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან, 26 სექტემბერს რიგაში ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს შეხვდა, 27 სექტემბერს კი დაგეგმილია ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრა, რომელიც ვილნიუსში გაიმართება.
იმპიჩმენტის პროცედურა
„ქართულმა ოცნებამ" 12 სექტემბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო წარდგინება შეიტანა, რომელსაც თან ერთვის საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერა.
საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოებრიობას უგულებელყოფს - შალვა პაპუაშვილი>>>
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ".
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყება.
სტატუსის მოლოდინში
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
მისთვის სულ ერთია - იმპიჩმენტის პროცედურის მიუხედავად ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებს ხვდება>>>
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ევროინტეგრაციის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა კი განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობა საკანონმდებლო დონეზე თითქმის დაასრულა.
ყველა ახალი ამბავი
0