ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი: დეპუტატს პროგნოზის გაკეთება გაუჭირდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2023
გამოწერა
რეკომენდაციების განხორციელება მხოლოდ ერთი კომპონენტია იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, მიაჩნია დეპუტატს
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. რთული სათქმელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, თუმცა ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყანა მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება შეცდომა იყო, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
„ყველა ქვეყანა საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებებით იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ ბევრ წევრ ქვეყანაში გვქონდა შესაძლებლობა, პოლიტიკოსებთან გაგვერკვია საქართველოს საკითხი. არის განცდა და მოსაზრება, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იყო შეცდომა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მათ მიაჩნიათ, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ ამ შეცდომის გამოსასწორებლად.
მისი თქმით, ის, რაც საქართველომ გააკეთა რეკომენდაციების განხორციელების კუთხით, მხოლოდ ერთი კომპონენტია იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს.
საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინის რეჟიმში
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
რუმინეთის პრეზიდენტი: საქართველომდე წყალქვეშა ელექტროსადენის გაყვანა პრიორიტეტულია>>
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
მანამდე კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ იმაში, რომ საქართველოს 2022 წელს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს, „გლობალური ომის პარტიაა“ დამნაშავე.
მმართველი პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ „გლობალური ომის პარტია“ არის უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამავე დროს „ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალურ ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას".
ყველა ახალი ამბავი
0