საქართველოში კერძო სკოლები უფრო დამოუკიდებელი გახდება - მინისტრმა ახალ რეფორმებზე ისაუბრა
10:05 25.09.2023 (განახლებულია: 12:42 26.10.2023)
© Ministry of Education and Science of Georgia
© Ministry of Education and Science of Georgia
გამოწერა
სამინისტრო კერძო სკოლების წარმომადგენლებთან საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრებს გამართავს.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან ახალი რეფორმების შესახებ პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებშიც მათ კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შემუშავებული ახალი გადაწყვეტილებები, მიდგომები და მექანიზმები გააცნო, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცვლილებები შეეხება ავტორიზაციის, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის, ადმინისტრირებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მიმართულებებს.
კერძოდ, ავტორიზაციის კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები გულისხმობს შემდეგ საკითხებს:
რეგიონის მცირეკონტინგენტიანი კერძო სკოლები ისარგებლებენ ავტორიზაციის დებულებით დადგენილი საფასურის 50%-იანი შეღავათით;
ავტორიზაციის ციკლი განისაზღვრება 9 წლით იმ სკოლებისთვის, რომლებმაც ახალი სტანდარტით გაიარეს ავტორიზაცია;
ავტორიზაციისას ცენტრი აღარ განსაზღვრავს სავალდებულოდ წარსადგენ მტკიცებულებებს და სკოლა თვითონ გადაწყვეტს, თუ რა გზით დაადასტურებს სტანდარტებთან შესაბამისობას;
კერძო სკოლას მიეცემა უფლება, განახორციელოს სასკოლო მომზადების პროგრამა ცალკე იურიდიული პირის დაფუძნების გარეშე;
განხორციელდება ცვლილებები საერთაშორისო პროგრამების აღიარების წესში და განისაზღვრება უცხოური ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მოთხოვნები და პირობები.
მნიშვნელოვანი ცვლილებებია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მიმართულებით:
კერძო სკოლის მასწავლებლები გათავისუფლდებიან „პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში‘‘ ჩართვის ვალდებულებისგან;
მოწვეული უცხოელი მასწავლებლებისთვის მოიხსნება კვირეული დატვირთვის 9-საათიანი შეზღუდვა;
უცხო ქვეყნის მოქალაქე მასწავლებლობის უფლებას მოიპოვებს უცხო ქვეყანაში გაცემული უფლების აღიარების გზით;
„მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის‘‘ მხარდამჭერ ტრენინგებზე წვდომა თანაბრად ექნებათ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის მასწავლებლებს.
რაც შეეხება ადმინისტრირებას, ამ კუთხით საერთაშორისოდ აღიარებული პროგრამების განმახორციელებელ კერძო სკოლებს:
მოსწავლეთა რეესტრში საკუთარი მოსწავლეების შესახებ ინფორმაციის ასახვის შესაძლებლობა მიეცემათ;
ექსტერნატის წესით ზოგადი განათლების აღიარება შესაძლებელი გახდა იმ ენაზე, რომელზეც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი;
საერთაშორისო პროგრამების კურსდამთავრებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე.
ცვლილებები შეეხო ასევე ეროვნულ სასწავლო გეგმას, კერძოდ:
უქმდება ეროვნული სასწავლო გეგმის III კარი, რომელიც აღწერს წლიურ სარეკომენდაციო პროგრამებს და მიზნის მიღწევის გზებსა და საშუალებებს;
კერძო სკოლებისთვის სავალდებულოდ განისაზღვრება მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმის I თავი, რომელიც განსაზღვრავს სწავლა-სწავლების მიზნებსა და პრინციპებს;
კლასიდან კლასში გადასვლის იდეა ჩანაცვლდა საფეხურის დაძლევის იდეით. სკოლა ვალდებულია საფეხურის დაძლევამდე კლასის დაძლევის მიზნით მოსწავლეებს შესთავაზოს მხარდამჭერი პროგრამები. ექსტერნი შეეხება მხოლოდ საფეხურის დაძლევას;
სკოლას უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი შეფასების სისტემა, რომლის კონვერტირება უნდა ხდებოდეს 10-ბალიან სისტემაში;
გაუქმდება განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და რაოდენობები;
სკოლას უფლება აქვს განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენოს მე-5 კლასის მე-2 სემესტრამდეც. მოიხსნა განმსაზღვრელი შეფასების დაწყებასთან დაკავშირებული ასაკობრივი შეზღუდვა;
ქართულის, როგორც მეორე ენის შეფასება განხორციელდება დიფერენცირებულად უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მოსწავლეები შეფასდებიან მათი მზადყოფნის დონისა და სწავლების პერიოდის შესაბამისად;
კერძო სკოლებს უფლება მიეცემათ სასწავლო პროცესში გამოიყენონ არაგრიფირებული, შეთანხმებული სახელმძღვანელოები;
კერძო სკოლას უფლება აქვს თავად განსაზღვროს კლასის დამრიგებლის ფორმა და ფუნქციები. დამრიგებლის ინსტიტუტის არსებობა სავალდებულო აღარ იქნება;
განისაზღვრება მხოლოდ აკადემიური წლის ხანგრძლივობა (30-35 კვირა).
აღნიშნული ცვლილებების ეფექტიანად დანერგვის მიზნით განათლების სამინისტრო საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრებს გამართავს კერძო სკოლების წარმომადგენლებთან.
უწყების ცნობით, კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებმა და ასოციაციის წარმომადგენლებმა სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაო და მიღებული გადაწყვეტილებები უპრეცედენტო მხარდამჭერ პოლიტიკად შეაფასეს, რაც ხელს შეუწყობს მათი დამოუკიდებლობისა და აკადემიური თავისუფლების ზრდას.