პრეზიდენტმა გადაიფიქრა ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2023
გამოწერა
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ როგორც საქართველოს მოქალაქე.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიზანშეწონილად არ მიაჩნია აშშ-ის მიერ სანქცირებული ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მანამდე სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ელოდება იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე და მზადაა ხელი მოაწეროს მას.
„ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ როგორც საქართველოს მოქალაქე.
იუსტიციის სამინისტრომ ფარცხალაძის მოქალაქეობის ლეგიტიმურობის საკითხის შესწავლა დაიწყო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცერი ალექსანდრ ონიშჩენკო „სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე პარტნიორ ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში". საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ პირი სხვა ქვეყნის მოქალაქე ხდება და ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას არ აცნობებს, მან შეიძლება საქართველოს მოქალაქეობა დაკარგოს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ აშშ-დან ფარცხალაძის დანაშაულის მტკიცებულებას ელოდება. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უდანაშაულობის პრეზუმფცია ახსენა.
სანქციები ფარცხალაძის წინააღმდეგ
2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
სკანდალი ფარცხალაძის ირგვლივ: ეროვნული ბანკი ორმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა >>
აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან“.
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა. ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.
წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ყველა ახალი ამბავი
0