გამონაბოლქვი გზებზე: მიმდინარე თვეში 640-ზე მეტი მძღოლი დაჯარიმდა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2023
გამოწერა
მოქალაქეებს ჯარიმების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟებმა მიმდინარე თვეში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 641 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი 4 სექტემბრიდან ქვეყნის ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაიწყო. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ეკიპაჟები სატრანსპორტო საშუალებებს გზაზე შერჩევით აჩერებენ. კონკრეტული ავტომობილის გამონაბოლქვის შემოწმება სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით ხორციელდება.

„4 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ყველაზე მეტი – 303 დარღვევა თბილისში გამოვლინდა, 149 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 109 – ბათუმში, 80 კი ქალაქ რუსთავში", – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, 641 ჯარიმიდან 508 ფიზიკური პირის სახელზე გამოიწერა, 133 შემთხვევაში კი იურიდიული პირები დაჯარიმდნენ.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებების თანახმად, ფიზიკური პირის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია განსაზღვრულია 100 ლარით, ხოლო 30 დღის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმა სამმაგდება და 300 ლარი გახდება. თუ 15 დღის განმავლობაში დარღვევა კვლავ გამოვლინდება, ჯარიმის ოდენობა 600 ლარი იქნება.
იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1,5 ათასი და 3 ათასი ლარია. თუ პირი ჯარიმას 10 დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შემცირდება.
მოქალაქეებს ჯარიმების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე: www.des.gov.ge.
უწყების ცნობით, როდესაც მოხდება კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება და შემოწმება, თუ დაფიქსირდა მავნე ნივთიერებების გადაჭარბება და მესაკუთრე არ ეთანხმება შედეგებს, მას აქვს უფლება, მოითხოვოს ავტომობილის უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში გადაყვანა, სადაც ავტომობილს ტექინსპექტირება ახლიდან ჩაუტარდება.
გამონაბოლქვი გზებზე: სამ დღეში 82 მძღოლი დაჯარიმდა>>>
თუ შედეგები დადასტურება, გამოწერილი საჯარიმო ქვითარი დარჩება ძალაში. თუ ტექინსპექტირების ცენტში დარღვევა არ დაფიქსირდება, საჯარიმო სანქცია გაუქმდება.
საქართველოში 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები ტექნიკურ რეგლამენტში გეგმური ტექდათვალიერებისთვის. დაწესდა უფრო მკაცრი ნორმები მავნე გამონაბოლქვთან დაკავშირებით. კერძოდ, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0,6%-დან 0,55%-მდე შემცირდა.
ამასთან, 2023 წლის 1 თებერვლიდან ფასიანი გახდა განმეორებითი ტექნიკური დათვალიერება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ზომების გამკაცრების მიზეზი პირველი დათვალიერებისას ავტომობილების ნორმებთან ხშირი შეუსაბამობა გახდა.
2018 წლის 1 ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირება აუცილებელი გახდა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან იურიდიულ პირებზე, ასევე სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილებისთვის; 2018 წლის 1 ოქტომბრიდან კი სიახლე შეეხო მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 3.0-ს, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან – დანარჩენ მსუბუქ ავტომობილებს.
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური დათვალიერება, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ადმინისტრაციული დარღვევაა. 2022 წელს 801.255 მსგავსი დარღვევა დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0