ყველაფერი ახალგაზრდებისთვის - კულტურის სამინისტროს პროექტები

© photo: Sputnik / Stringerკულტურის სამინისტრო
კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2023
გამოწერა
სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტო ღონისძიებების ჩასატარებლად ახალგაზრდებს თავის შენობებს უთმობს.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ახალგაზრდული ბანაკები ანაკლიასა და შაორის ტბაზე, უფასო სივრცეები ახალგაზრდებისთვის თბილისსა და რაიონებში, დაფინანსებული სტაჟირება სტუდენტებისთვის – ამ და სხვა პროექტებზე ისაუბრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დეპუტატების წინაშე "მინისტრის საათის" ფარგლებში პარლამენტში გამოსვლისას.
ამჟამად სამინისტროს ბალანსზე ირიცხება ორი საზაფხულო ბანაკი ანაკლიაში და შაორის ტბაზე. ბანაკების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის სამინისტრომ 1 მლნ ლარი გამოყო. სულ წელს ორივე ბანაკმა 18 ნაკადს – 3 ათასამდე ადამიანს უმასპინძლა.
მინისტრმა სიახლეებს შორის აღნიშნა, რომ 2023 წელს ახალგაზრდული საქმიანობის გასაძლიერებლად შესაბამის უწყებებთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით შემუშავდა და დამტკიცდა ახალგაზრდული მუშაკის პროფესია.
თეა წულუკიანმა სპორტის სფეროში შესრულებული სამუშაო შეაჯამა>>
გარდა ამისა, სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტომ ჩაატარა საგრანტო კონკურსი, რომლითაც დაფინანსდა ხუთი ორგანიზაციის ახალგაზრდული პროექტები რამდენიმე თემატური პრიორიტეტით: ახალგაზრდული სივრცეების განვითარება და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ახალგაზრდობის კულტურულ-შემეცნებითი საქმიანობის ხელშეწყობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობა. კონკურსის ბიუჯეტი 200 ათასი ლარი იყო.
მინისტრის თქმით, ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც საქართველოს ახალგაზრდებს აწუხებს, ესაა უფასო სივრცეების არარსებობა სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად, განსაკუთრებით ქვეყნის რეგიონებში.

„ჩვენ ამ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, იქამდე, რომ ჩვენი სააგენტოს შენობაშიც კი, რომელიც თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარეობს, უსასყიდლოდ ვუთმობთ ახალგაზრდებსა და მათ ორგანიზაციებს ჩვენს ფართებს. საანგარიშო პერიოდში ჩვენ 2,4 ათასზე მეტ ახალგაზრდას მივეცით საშუალება, რომ ჩვენს სივრცეებში უსასყიდლოდ თავიანთი პროექტები განეხორციელებინათ", – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ სააგენტოს შენობაში არის უფასო სპეციალური სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებისთვის.
რაც შეეხება რეგიონებს, ხაშურში და წყალტუბოს რაიონში გაიხსნა ახალგაზრდული სივრცეები, სადაც მსურველებს ტრენინგების გავლა შეუძლიათ. დმანისის ფილიალში ჩატარდა რემონტი და ის მალე გაიხსნება ადგილობრივი ახალგაზრდობისთვის.
წულუკიანის თქმით, მსგავსი სივრცეები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა რაიონში, რათა ახალგაზრდობამ შეძლოს განვითარება თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით.
კულტურის მინისტრმა ასევე ისაუბრა ახალ პროექტზე, რომლის ფარგლებში სტუდენტებმა შეძლეს სახელმწიფო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა. სტაჟირების სურვილი 2,5 ათასზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, თუმცა თავდაპირველად საჭირო იყო ტესტების ჩაბარება ქართულ ენასა და უნარებში და, აუცილებლობის შემთხვევაში – უცხო ენაში. ტესტირების შედეგად 70-ზე მეტი სტუდენტი შეირჩა.
ყველა ახალი ამბავი
0