პაპუაშვილი ფარცხალაძის მოქალაქეობაზე: სანქციების განხორციელებას არავითარი ზიანი არ მიადგა

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2023
გამოწერა
როდესაც საქმე საქართველოს მოქალაქეს ეხება, სანქციები ავტომატურად ვერ განხორციელდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქე აღარ არის, პრეზიდენტმა შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა და არანაირი ზიანი არ მიუყენებია საერთაშორისო სანქციების განხორციელებას და საერთო ინტერესებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცერი ალექსანდრ ონიშჩენკო „სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე პარტნიორ ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში".
„ვნახეთ იუსტიციის სამინისტროს რეაგირება და სავარაუდოდ პრეზიდენტმაც ამას უკვე საბოლოოდ მოაწერა ხელი. შესაბამისად, გვაქვს სიტუაცია, რომ სანქციები სრულად მოქმედებს, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ოთარ ფარცხალაძე აღარ არის საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, სრულად ვრცელდება. არანაირი ზიანი არ მიყენებია არც სანქციების შესრულებას, არც საქართველოს მოქალაქეებს და არც საერთო ინტერესს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეზე, სანქციები ავტომატურად ვერ შესრულდება.
„ყველაფრის ერთმანეთში არევა და მანიპულაცია ხდება, მათ შორის გარკვეული ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბებით. პირველად მოხდა, რომ საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იყო, რომ საქართველოს მოქალაქე სრულად უნდა სარგებლობდეს იმ კონსტიტუციური გარანტიებით, რომელიც არსებობს და ასე უაპელაციოდ სანქციებს ვერ გადმოიღებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის საკითხი შეეხება მხოლოდ საბანკო ფინანსურ ტრანზაქციებს. რაც შეეხება სხვა ტიპის სანქციებს, საქართველოს ისედაც ასეთი მიდგომა აქვს და ჩვენ ავტომატურად არ ვუერთდებით სხვა ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს.
სანქციები ფარცხალაძის წინააღმდეგ
2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
სკანდალი ფარცხალაძის ირგვლივ: ეროვნული ბანკი ორმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა >>
აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან“.
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა. ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.
ყველა ახალი ამბავი
0