„ცეცხლს ეთამაშებით! ძალიან ფრთხილად იყავით!" - კალაძემ ოპოზიცია გააფრთხილა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2023
გამოწერა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, არეულობები ქვეყანაში 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაიგეგმა.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით შეიცვლება, არავის ექნება შესაძლებლობა, მოაწყოს არეულობები ხელისუფლების დასამხობად, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იგეგმება დესტაბილიზაცია და არეულობები ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით. მოგვიანებით ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპროტესტო აქციის დაანონსების დროს განაცხადა, რომ ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევაში აქტივისტები ხელისუფლებას პასუხს გასცემენ. ამასთან, მან არ გამორიცხა იარაღის გამოყენება: „ბოლომდე ვიბრძოლებთ". ხოლო ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახლა სწორედ რომ დროა, დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის შესახებ.

„ეს ადამიანები - იგივე სააკაშვილის, ბატონი ვაშაძის განცხადება იარაღის ხელში აღებასთან დაკავშირებით, თუნდაც თავიანთი განცხადებებით ადასტურებენ სუსის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მეგობრებო, ცეცხლს ეთამაშებით! ძალიან ფრთხილად იყავით! არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, დაპირისპირება და ხელისუფლების დამხობა სცადოს", – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილება ამ ქვეყანაში მხოლოდ მოსახლეობის ხმებით მოხდება. როგორც კალაძემ აღნიშნა, მოსახლეობა გადაწყვეტს, ვინ იქნება ხვალ ხელისუფლებაში და ვის ანდობენ ქვეყნის ბედს.
„ვინც დააპირებს არაკანონიერ მოქმედებას, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება რეაგირება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ", – თქვა კალაძემ.
იგეგმებოდა სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირება - ვოლსკი ოპოზიციის გეგმებზე>>
როგორც კალაძემ აღნიშნა, სუსის განცხადება სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ რეალურია. მისი თქმით, კონკრეტული დაჯგუფებები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ არ მოქმედებენ დამოუკიდებლად, მათ კონკრეტულ მითითებებს აძლევენ, თუ რა და როგორ უნდა გააკეთონ.

„მცდელობა აქვთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, ხელისუფლების დამხობა ყველანაირი გზით. მერწმუნეთ, არ ვხუმრობ, სრული სერიოზულობით ვამბობ ამას. არ იფიქროთ, რომ ვინმეს ვაშინებ, მინდა ყველამ იცოდეს, მშვიდად იყავით, მეგობრებო, ჩვენ ქვეყანასაც დავიცავთ, ჩვენს ხალხს, ამ ქვეყნის მომავალს და ხვალინდელ დღესაც!" – განაცხადა კალაძემ.

სუსის მონაცემებით, არეულობები საქართველოში დაიგეგმა 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, აღნიშნულია, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
სუსის განცხადებაში ნათქვამია, რომ არეულობის ორგანიზატორები გეგმავენ ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობას, ხოლო ერთ-ერთ კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსებას, რომლის აფეთქების შედეგადაც დაიღუპება როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ისე სამართალდამცველები.
„ევრომაიდანი", აფეთქება და სროლა: ვინ და როგორ გეგმავს გადატრიალების მოწყობას საქართველოში>>
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის.
სუსის გამოძიება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ქართული წარმოშობის სამხედროების ჯგუფი, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტში მონაწილეობენ, და დაინტერესებული მხარის გავლენის ქვეშ მყოფი ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა წვრთნაც მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, გამოყენებული იქნებიან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით სამოქალაქო არეულობის ორგანიზებისთვის.
უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. აღნიშნულია, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში არიან ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურია.
ხელისუფლებამ პროვოკაციები უნდა აირიდოს - კობახიძე სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაზე>>
დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი" (CANVAS), რომლის ბირთვსაც წარმოადგენს ორგანიზაცია "ოტპორი", განაცხადეს სუსში. მათი თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციებმა მიიღეს წარსულში აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებისა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით.
აღნიშნული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელთა შორისაა ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებზე და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირება და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები, რომლებიც შეიცავენ სერიოზული პროვოკაციის ელემენტებს.
დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება 2014 წელს უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის" მსგავსი სცენარის საქართველოში განხორციელება, აღნიშნულია სუსის განცხადებაში.
უსაფრთხოების სამსახური: საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება>>
გარდა ამისა, ცნობილია, რომ „კარვების ქალაქის" ტერიტორიაზე, სადაც გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციები გაიმართება, წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
სუსში აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქვეყანაში პროვოკაციები იგეგმება.
ყველა ახალი ამბავი
0