პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრები აირჩია

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2023
გამოწერა
ეროვნული ბანკის საბჭო არის ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეზერვების მართვაზე.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ეროვნული ბანკის საბჭოში არსებულ ორ ვაკანტურ ადგილზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები – საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ნანა ყეინიშვილი და „თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი თეიმურაზ ხომერიკი აირჩიეს.
გუშინდელ დღემდე საბჭოში ცხრა წევრის ნაცვლად შვიდი წევრი იყო. ვაკანტური ადგილების შესავსებად 14 სექტემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყეინიშვილისა და ხომერიკის კანდიდატურები წარადგინა. თუმცა, გუშინ რეგულატორის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა, ასევე პრეზიდენტის მრჩეველმა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. მიზეზი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც გააუქმა ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ თავისივე გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდა.
კანონმდებლობის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მასში მინიმუმ ხუთი წევრის არსებობა. დღეს პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად ახლა საბჭოში ექვსი წევრი იქნება.
საბჭოს ახალი წევრების კანდიდატურებს კენჭი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს. ყეინიშვილს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს – უმრავლესობის 82-მა წევრმა.
აღსანიშნავია, რომ კენჭისყრამდე არც ყეინიშვილი და არც ხომერიკი საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას არ დასწრებიან. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ სხდომაზე განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს მის მიერ წარდგენილი კანდიდატების პარლამენტიდან უკან გაწვევა სურდა ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გამო.
პასუხად მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტურ ადგილებზე წარდგენილი კანდიდატების გაწვევის პროცედურა არ არსებობს და ამ საკითხზე კენჭისყრა ჩააგდეს.

„კომიტეტმა გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, თუმცა შემდეგ შედგა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, საგანგებოდ შევიკრიბეთ კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით და მივიღეთ გადაწყვეტილება ორივე წევრის არჩევის თაობაზე", – განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

პოლიტიკოსის თქმით, გუშინ ხომერიკი და ყეინიშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან დაიბარეს და საბჭოს წევრობაზე უარის თქმა სთხოვეს.

„ამაზე მეტი საბოტაჟი და ზეწოლა რა შეიძლება იყოს, როცა საკუთარ კანდიდატებზე უარს იტყვი მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეროვნული ბანკი ქმედუუნარო გახდეს", – განაცხადა კობახიძემ.

ეროვნული ბანკის საბჭო არის ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეზერვების მართვაზე. საბჭო განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ხარჯებს და პასუხისმგებელია უცხოური ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირების წესზე.
სკანდალი ეროვნული ბანკის ირგვლივ
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 18 სექტემბერს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს აქტივებზე და ფინანსურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო. ეროვნულ ბანკში აღნიშნული გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ საქართველოს ფინანსური სექტორი საერთაშორისო მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში მუშაობს. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" რეგულატორს უდანაშაულობის პრეზუმფცია შეახსენეს და მოუწოდეს, დაელოდონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას.
ეროვნულმა ბანკმა უკვე 19 სექტემბერს შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქართულმა სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო.
„ზეწოლის კლასიკური მაგალითი" - ნათია თურნავა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწოდებაზე>>>
ეროვნული ბანკის განმარტებით, საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები, მარეგულირებლის მითითებით, სრულად იცავენ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებს და რომ ქვეყანა არასოდეს ყოფილა და არ გახდება ამ სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე დაცულია ქვეყნის კონსტიტუციით და მარეგულირებელი მოქმედებს ქვეყნის მთავარი კანონის შესაბამისად.
მანამდე კობახიძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის თავდაპირველი გადაწყვეტილება ფარცხალაძესთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას, სადაც ნათქვამია უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ, რადგან იყო დანიშნული სამართლებრივი სასჯელი კონკრეტული პირის მიმართ, თუმცა მისთვის შესაბამისი განაჩენი არ გამოუტანიათ.
შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. მანამდე პრეზიდენტმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის მისამართით მუქარაში პირდაპირ დაადანაშაულა. ზურაბიშვილის თქმით, მისთვის კიდევ უფრო მიუღებელი იყო, რომ თურნავა ამ მუქარას დაემორჩილა.
პრეზიდენტის თქმით, ნათია თურნავამ 19 სექტემბრის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან კოორდინაციის გარეშე მიიღო.
თურნავამ კი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან თანამდებობიდან გადადგომის მოწოდებას „ზეწოლის კლასიკური მაგალითი" უწოდა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს სამმა წევრმა თანამდებობა სწორედ ხელისუფლების ოპონენტების ზეწოლის ფონზე დატოვა.
ყველა ახალი ამბავი
0