„ფამფალა", „ტონი" და „როკო": შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2023
გამოწერა
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, ბათუმში, ლანჩხუთსა და ცაგერში „ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს, ხოლო ორ „კანონიერ ქურდს" ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 24-დან 62 წლამდეა, წარსულში ნასამართლევი პირებიც არიან. ხუთ პირს, რომელთა შორის არიან „ფამფალა", „ტონი" და „როკო", გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობას ედავება. „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ბრალდებით დაკავებულია ორი პირი, ხოლო „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე – ექვსი პირი.
გარდა ამისა, „კანონიერი ქურდობის" ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ რომან ხმალაძესა და ლევან მარღიას.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებაში, პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების „ქურდული წესებით" გადაწყვეტისთვის უკავშირდებოდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს, აგრეთვე საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს" და მათგან მითითებებს იღებდნენ.
ბრალდებულები გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ „კანონიერი ქურდების" მითითებებს, მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
უწყების ცნობით, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფმა პირებმა ერთ-ერთ ბრალდებულს ონლაინ-სამორინეში დიდი ოდენობით მოგებული თანხიდან ე.წ. „ქურდული წილის" გადახდა მოსთხოვეს. აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით თბილისში ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს და არსებული საკითხის შესახებ „კანონიერ ქურდ" ჯეირან კინწურაშვილს შეატყობინეს, რომელიც მხარდაჭერას დაჰპირდა. „ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებისთვის ე.წ. კანონიერი ქურდებისა და კრიმინალური ავტორიტეტებისთვის ფულადი თანხის გადარიცხვა განხორციელდა.
პოლიციამ ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომობილი, ოქროს ნივთები და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, ასევე ავტომატი, მჭიდები, 50-მდე ვაზნა და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.
გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლით („ქურდული სამყაროს" წევრობა, „კანონიერი ქურდობა"), 223-ე მე-3 პრიმა მუხლით („ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა) , 223-ე მე-4 პრიმა მუხლით („ქურდული სამყაროს" წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის" მიმართვა) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა) მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0