საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ემზადება ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამოსართმევად

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2023
გამოწერა
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებულია წარმოება აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ პირი სხვა ქვეყნის მოქალაქე ხდება და ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას არ აცნობებს, მან შეიძლება საქართველოს მოქალაქეობა დაკარგოს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცერი ალექსანდრ ონიშჩენკო, „სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე პარტნიორ ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში".

„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ დასკვნა საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება.
„შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდგომ სააგენტოს დასკვნა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელოდება იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას აშშ-ის სანქციების სიაში მყოფი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე და მზადაა ხელი მოაწეროს მას.
სანქციები ფარცხალაძის წინააღმდეგ
2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
სკანდალი ფარცხალაძის ირგვლივ: ეროვნული ბანკი ორმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა >>
აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან“.
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა. ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.
ყველა ახალი ამბავი
0