გამონაკლისის გარეშე: ქართული ბანკები საერთაშორისო სანქციების დაცვას გააგრძელებენ

© photo: Sputnik / Stringer„თიბისი ბანკის" შენობა
„თიბისი ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2023
გამოწერა
რეგულატორის გადაწყვეტილების მიუხედავად, ბანკები საერთაშორისო სანქციების დარღვევას არ აპირებენ.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ორი წამყვანი ქართული ბანკი – „თიბისი ბანკი" (TBC Bank) და „საქართველოს ბანკი" (Bank of Georgia) საერთაშორისო სანქციების შესაბამისად იმოქმედებენ მიუხედავად ეროვნული ბანკის განცხადებისა შესრულების წესში ცვლილებების შეტანის შესახებ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო.

„ჩვენ ვიცავთ და ვმოქმედებთ აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების შესაბამისად", – ციტირებს „თიბისი ბანკის" განცხადებას „პირველი არხი".

თავის მხრივ, „საქართველოს ბანკში" ასევე განაცხადეს, რომ მიუხედავად რეგულატორის გადაწყვეტილებისა, ბანკი არ აპირებს დაწესებული საერთაშორისო სანქციებიდან გამოსვლას.

„ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას", – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

მანამდე ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვაზე თავშეკავებისკენ ეროვნულ ბანკს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მოუწოდა. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სანქციების სიაში საქართველოს მოქალაქე მოხვდა. კობახიძე უდანაშაულობის პრეზუმფციას დაეყრდნო და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების შედეგების დალოდება ჯობს.
მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე აშშ-სგან მეტ კონკრეტიკასა და ფარცხალაძის დანაშაულის მტკიცებულებებს ელოდება.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ „ლელო" ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს>>
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, არ გავრცელდეს ფარცხალაძეზე სანქციების რეჟიმი, უკვე მოჰყვა ნეგატიური შეფასება ოპოზიციაში. პარტია „ლელო საქართველოსთვის" დანარჩენ ოპოზიციასთან შემდგომ გეგმებზე კონსულტაციებს იწყებს და გადაწყვეტილებას „ბიძინა ივანიშვილის პირად ბრძანებას" უწოდებს. „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდა.
შეერთებულმა შტატებმა 2023 წლის 14 სექტემბერს გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან".
ფინანსთა სამინისტრო ფარცხალაძესთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ: სანქციები დაცულია>>
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა, და აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.
ყველა ახალი ამბავი
0