პრეზიდენტი მზადაა ჩამოართვას მოქალაქეობა ფარცხალაძეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პასპორტი
საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2023
გამოწერა
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ფარცხალაძის ბრალეულობის მტკიცებულებას ელოდება, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უდანაშაულობის პრეზუმფციაზე საუბრობს.
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელოდება იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას აშშ-ის სანქციების სიაში მყოფ ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე და მზადაა ხელი მოაწეროს მას, განაცხადა სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურმა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის ლეგიტიმურობის საკითხს სწავლობს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცერი ალექსანდრ ონიშჩენკო „სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე პარტნიორ ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში". საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ პირი სხვა ქვეყნის მოქალაქე ხდება და ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას არ აცნობებს, მან შეიძლება საქართველოს მოქალაქეობა დაკარგოს.
„პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც გუშინ ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, მას არ მიუღია არცერთი დოკუმენტი, რომელიც ფარცხალაძის მოქალაქეობას ეხება.
თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ფარცხალაძის ბრალეულობის მტკიცებულებას ელოდება, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უდანაშაულობის პრეზუმფციაზე საუბრობს.
2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.
საქართველოში ოთარ ფარცხალაძის ანგარიშები გაყინეს - ეროვნული ბანკის განმარტება >>
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან“.
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა, და აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.
ყველა ახალი ამბავი
0