პრეზიდენტი ნათია თურნავას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2023
გამოწერა
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, თურნავას დანიშვნასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ნანობს.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, აშშ-ის სანქციებს დაქვემდებარებული ყოფილი გენპროკურორ ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ თანამდებობიდან უნდა გადადგეს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
ოთხშაბათს თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება რეგულატორის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მრჩეველმა მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ფარცხალაძე რუს-ქართველი ოლიგარქია, რომელიც რუსეთის „დამღუპველ გავლენას" ავრცელებდა საქართველოზე.
„პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, იგი თურნავას დანიშვნასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ნანობს.
უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ ჩემ გადაწყვეტილებას და ამისთვის ბოდიშს ვიხდი. მას რომ არ გადაედო უვადოდ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო, მას პირადად მოვახსენებდი ჩემს მოსაზრებებს, თუ რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
გარდა ამისა, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დადგა დრო, რათა ეროვნული ბანკის საბჭომ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და თურნავას გადაწყვეტილება ბათილად ცნოს.
„ეროვნული ბანკის საბჭოს კოლექტიური გადაწყვეტილებით, შესაძლებელი და აუცილებელია, ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება" ამერიკის შეერთებული შტატებისგან ფარცხალაძის ბრალეულობის მტკიცებულებას ელოდება, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი უდანაშაულობის პრეზუმფციაზე საუბრობს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სები) ფარცხალაძეს აქტივებზე და ფინანსურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო18 სექტემბერს შეუზღუდა. სებ-ში აღნიშნული გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ საქართველოს ფინანსური სექტორი მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში მუშაობს. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" რეგულატორს უდანაშაულობის პრეზუმფცია შეახსენეს და მოუწოდეს, დაელოდონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას.
სებ-მა უკვე 19 სექტემბერს შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო.
სანქციები ფარცხალაძის წინააღმდეგ
2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
სკანდალი ფარცხალაძის გამო: ეროვნული ბანკი ორმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა>>>
აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან“.
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა. ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.
ყველა ახალი ამბავი
0