აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი ტარდება

© Ajara Tourism Department ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი
 ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2023
გამოწერა
ფესტივალის მიზანი რეგიონში ტურიზმის განვითარება და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობაა.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეკოტურიზმის მიმართულებაა, ნათქვამია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შავი ზღვის სანაპირო და, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანია. ამ დერეფანში ყოველწლიურად მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი გადის. ამ მაჩვენებლით აჭარას მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია უკავია.
ფესტივალს, რომელიც 19 სექტემბერს გაიხსნა და 23 სექტემბრამდე გასტანს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი და ქართველი ორნიტოლოგები სტუმრობენ.
საპატიო სტუმრებს შორის არიან ნოამ ვეისი – ფრინველთა საერთაშორისო ბერდვოჩინგისა და კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, მსოფლიოში უმსხვილესი ეკოლოგიური ტურიზმის გამოფენის Birdfair-ის ორგანიზატორი ტიმ ეპლტონი და სხვ.
ფესტივალის გახსნის დღეს ნოამ ვეისმა ღონისძიების სტუმრებს ფრინველთა დაცვის კუთხით ისრაელის გამოცდილება გააცნო. საჯარო შეხვედრაზე მოხსენებები ასევე გააკეთეს ნიკა პაპოშვილმა თემაზე „გარიელის დაცვა: იხვების დაცვა პოტენციური გადაშენებისაგან კავკასიაში" და გიორგი იანქოშვილმა „საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები".
ფესტივალის ფარგლებში ყოველდღიურად დაგეგმილია გასვლითი ტურები ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმებსა და ტერიტორიებზე. დღეს ფესტივალის სტუმრები ფრინველებს შუამთის სადამკვირვებლო პლატფორმაზე აკვირდებოდნენ, ხვალ კი გასვლითი ტური პალიასტომის ტბასა და მდინარე მალთაყვის შესართავთანაა დაგეგმილი. ტურის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ფრინველების მრავალ სახეობას, შეისწავლონ საინტერესო ლანდშაფტი და ნავით გაისეირნონ პალიასტომის ტბაზე.
22 სექტემბერს ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე გაიმართება.
სახალვაშო გლობალურად მნიშვნელოვანი ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმაა, სადაც სეზონზე 1 მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი მიგრირებს. სახალვაშოს პლატფორმაზე ფესტივალის ფარგლებში განხორციელდება ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები.
ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.
გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების პერიოდი 15 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე გრძელდება. დაკვირვებისთვის მნიშვნელოვანი ადგილებია სახალვაშო, ჩაისუბანი, ჭოროხი, ბათუმის ზღვისპირა პარკი და პორტი.
ყველა ახალი ამბავი
0