რკინადეფიციტი ქალის სექსუალობას აქვეითებს: დადასტურებულია კვლევით
15:00 19.09.2023 (განახლებულია: 17:34 19.09.2023)
© photo: Sputnik / Varvara Gertie
© photo: Sputnik / Varvara Gertie
გამოწერა
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საყოველთაოდ ცნობილია, რომ რკინის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს, ხოლო ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ქიმიური ელემენტის უკმარისობა ასევე ნეგატიურად მოქმედებს ქალების სექსუალურ ცხოვრებაზე, ნათქვამია მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის ნაშრომში, რომელიც ჟურნალ Oxford Academic-შია გამოქვეყნებული.
მკვლევართა თქმით, რკინა სხვადასხვა სახის გავლენას ახდენს სექსუალურ აქტივობაზე — დაწყებული სიამოვნების ხარისხის დაქვეითებით, დასრულებული მტკივნეული შეგრძნებების გაჩენით.
ახალი კვლევით დადასტურდა, რომ რკინადეფიციტური ანემიით დაავადებულ ქალებს (ეს ანემიის ყველაზე ხშირი ფორმაა) ხშირად აქვთ სექსუალური აქტივობის პრობლემა. საქმე ისაა, რომ რკინის ნაკლებობა გავლენას ახდენს:
დოფამინის დონეზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალის სექსუალურ ცხოვრებაში,
პროლაქტინის დონეზე, რომელიც სექსუალურ სიამოვნებას უკავშირდება.
„ქალებში რკინადეფიციტი და სექსუალური დისფუნქცია ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ამ ნივთიერების დეფიციტის დადგენა მარტივი და იაფი ანალიზით ხდება, რომელიც შეიძლება სექსუალური დისფუნქციის მქონე ქალის გამოკვლევაში ჩავრთოთ. ხოლო თუ რკინადეფიციტის დიაგნოზი დადასტურდება, მისი მკურნალობა დავიწყოთ და ქალის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას დავაკვირდეთ“, — ნათქვამია მეცნიერთა კვლევაში.
რკინის მნიშვნელობა
როგორც ექიმები ამბობენ, რკინა არის ძალიან მნიშვნელოვანი მინერალური ნივთიერება, რადგან ის საშუალებას აძლევს სისხლის წითელ უჯრედებს, გადაიტანონ ჟანგბადი ქსოვილებში.
ამ ელემენტის დეფიციტი შეიძლება ჩამოყალიბდეს ჭარბი სისხლდენისა და ორსულობის დროს, ასევე ხშირია ვეგეტარიანელებსა და ვეგანებში.
არ გამოტოვოთ: რკინადეფიციტის ექვსი შეუსწავლელი სიმპტომი >>
ორგანიზმის მოთხოვნილება რკინაზე
მამაკაცებსა და ქალებს განსხვავებული რკინა-მეტაბოლიზმი აქვთ. მამაკაცები საშუალოდ ერთ მილიგრამ რკინას კარგავენ 24 საათის განმავლობაში, ქალები კი დაახლოებით ორ მილიგრამს. ამიტომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებში რკინის ყოველდღიური მოთხოვნილება თითქმის ორჯერ მეტია.
რკინის რეკომენდებული დღიური დოზები:
7-12 თვის ბავშვებში — 11 მილიგრამი;
1-3 წლის ბავშვებში — 7 მილიგრამი;
4-8 წლის ბავშვებში — 10 მილიგრამი;
9-13 წელი — 8 მილიგრამი;
14-18 წლის ბიჭებისთვის — 11 მილიგრამი;
14-18 წლის გოგონებისთვის — 15 მილიგრამი;
19-49 წლის მამაკაცებისთვის — 8 მილიგრამი;
19-49 წლის ქალებისთვის — 18 მილიგრამი;
50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის — 8 მილიგრამი;
ორსული ქალებისთვის — 27 მილიგრამი;
მეძუძური ქალებისთვის — 10 მილიგრამი.
როგორ შევავსოთ რკინის დეფიციტი?
რკინადეფიციტური ანემიის დროს ექიმი სპეციალურ პრეპარატებს ნიშნავს, რომლებიც რკინის დონეს ამაღლებს და აუმჯობესებენ ცხოვრების ხარისხს, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება სექსუალურ ცხოვრებაზე.
ამავე დროს სპეციალისტები ქალებს ურჩევენ, რაციონში შეიტანონ ისეთი საკვები, რომლებიც მდიდარია ამ ელემენტით. მათ შორისაა: წითელი ხორცი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ისპანახი, ბალბა, ვარდკაჭაჭა, ზღვის პროდუქტები, ჩირი, პარკოსნები, თევზეული და კვერცხის გული.