პირველკლასელთა რეგისტრაციის წესები კიდევ შეიცვლება

© photo: Sputnik / Stringerსასკოლო ზეიმი
სასკოლო ზეიმი - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2023
გამოწერა
მინისტრის განმარტებით, მშობლები თავად გადაწყვეტენ, შეიყვანონ შვილები სასკოლო სივრცეში თუ დატოვონ საბავშვო ბაღში.
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველკლასელთა ასაკის კიდევ ორი თვით დაწევას გეგმავს – უკვე მომავალ წელს სკოლის მოსწავლე გახდება ის ბავშვი, რომელსაც 6 წელი 1 დეკემბრამდე შეუსრულდება, განაცხადა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
საქართველოს პარლამენტმა მაისში დაამტკიცა „ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც სკოლაში 6 წლამდე ასაკის ბავშვებსაც შეუძლიათ შესვლა. ცვლილებების თანახმად, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელი გახდა იმ ბავშვებისთვისაც, რომლებსაც 6 წელი 1 ნოემბრამდე შეუსრულდათ.

„ჩვენ ყოველწლიურად ვგეგმავთ ვადის ერთი თვით გადაწევას. ასე რომ, მომავალ წელს ეს იქნება 1 დეკემბერი, ხოლო ერთი წლის შემდეგ – 31 დეკემბერი. ვფიქრობთ, ეს არის ყველაზე სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილება – წყალგამყოფი, რომელზეც უნდა გავჩერდეთ", – განაცხადა ამილახვარმა.

მისი თქმით, მშობლები თავად გადაწყვეტენ, შეიყვანონ შვილები სასკოლო სივრცეში თუ დატოვონ საბავშვო ბაღში.
მიმდინარე სასწავლო წელს პირველი კლასის მოსწავლე 50 ათასზე მეტი ბავშვი გახდა.
2010 წლიდან 2014 წლამდე სკოლაში ბავშვებს ხუთი წლიდან იღებდნენ. 2014 წლიდან პირველ კლასში იმ ბავშვების მიღება დაიწყო, ვისაც სასწავლო წლის დაწყების მომენტისთვის – 15 სექტემბრისთვის სრული ექვსი წელი შეუსრულდა. მშობლების თხოვნით 2022 წლიდან ასაკობრივი ზღვარი ერთი თვით გაზარდეს. 2023 წლის მაისში კი ასაკობრივი ზღვარი 1 ნოემბრამდე გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0