ახალი ხიდი და დროებითი გზა - როგორ უმკლავდება გურია სტიქიის შედეგებს

© Courtesy of Administration of State Representative of Guria
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2023
გამოწერა
ბოლო ცნობებით, უსაფრთხო ადგილზე ევაკუირებულია 140-ზე მეტი ადამიანი.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორეთში ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება, მანამდე კი კომპეტენტური უწყებები ადგილზე დროებით გზას მოაწყობენ გეოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
ძლიერი ნალექის შედეგად 7-8 სექტემბრის ღამეს გურიის რეგიონის ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მდინარეები ადიდდა, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა სახლები, ხიდები, სოფლებთან მისასვლელი გზები. სტიქიურ უბედურებას სამი ადამიანი შეეწირა, მათგან ორი არასრულწლოვანი. სტიქიის კერები დაფიქსირდა ლანჩხუთის 15 და ოზურგეთის 22 დასახლებულ პუნქტში.
ამჟამად ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სოფლებში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, ცოცხალ ძალასთან ერთად მძიმე ტექნიკა მუშაობს. ბოლო მონაცემებით, ლანჩხუთის მასშტაბით ორ ლოკაციაზე – ჩოჩხათსა და აცანაში ავტომანქანით გადაადგილება შეზღუდულია. გეოლოგები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ.
ვითარება გურიაში - ჰუმანიტარული დახმარება 860-მა ოჯახმა მიიღო>>>
რაც შეეხება რეგიონში სტიქიის სხვა შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს, ელექტრომომარაგება ორივე მუნიციპალიტეტში აღდგა. თუმცა, არსებობს წერტილოვანი შეზღუდვები ბუნებრივი აირის მიწოდებაზე, სადაც კომპანია Socar Georgia Gas-ის ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ. რამდენიმე სოფელში კვლავ პრობლემად რჩება სასმელი წყლის მიწოდება.
მეწყრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები გაყვანილი არიან უსაფრთხო ადგილზე. სოფელში დარჩენილ მოქალაქეებთან კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მოხდეს მათი უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაყვანა. სასტუმროს ხარჯებს მუნიციპალიტეტი ანაზღაურებს.
სტიქიური უბედურების ადგილებზე პირველივე დღიდან 200-მდე მაშველი ჩავიდა. უსაფრთხო ადგილზე ევაკუირებულია 140-ზე მეტი ადამიანი. სტიქიის ზონიდან 105 ოჯახი გაასახლეს.
დაზარალებული სოფლების მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოუწოდებენ, აუცილებლობის შემთხვევაში დარეკონ ნომრებზე: 551 38 38 05 (გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია), 577 601 304 (ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლება), 599 05 87 00 (ლანჩხუთის ადგილობრივი ხელისუფლება).
ყველა ახალი ამბავი
0