„კატეგორიულად მიუღებელია": თბილისმა პოდოლიაკის განცხადებას მკაცრად უპასუხა

© Parliament of Georgiaმიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2023
გამოწერა
უკრაინის მთავრობაში ბევრი პოლიტიკოსი ღიად უწევს ლობირებას „ნაცმოძრაობას", ამბობს პოლიტიკოსი.
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი მსგავს განცხადებებს აკეთებს საქართველოს მიმართ, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" მიხეილ სარჯველაძემ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის განცხადების კომენტარისას.
პოდოლიაკმა მანამდე განაცხადა, რომ საქართველოს არ ექნება შესაძლებლობა, შევიდეს ევროკავშირში „ევროპულ ღირებულებებზე აბსოლუტური უარის გათვალისწინებით". უკრაინელმა პოლიტიკოსმა საქართველოს მთავრობის მოქმედებებს „მაქსიმალურად ამაზრზენი" უწოდა. სწორედ ამიტომ, მისი აზრით, საქართველოს „ერთი შანსიც კი არ აქვს", რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.

„სამწუხაროა, მაგრამ პოდოლიაკის განცხადება ბევრი მიზეზით მიუღებელი განცხადებაა... კატეგორიულად მიუღებელია, როცა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი საქართველოსთან დაკავშირებით ასეთ განცხადებებს აკეთებს. აბსოლუტურად განსხვავებული უნდა ყოფილიყო. ასეთი განცხადება ყველა მხრივ, ყველა თვალსაზრისით გაუმართლებელია", – განაცხადა სარჯველაძემ.

დეპუტატის აზრით, ეს პირდაპირი მტკიცებულებაა, უდავო დასტურია იმისა, რომ ბევრი პოლიტიკოსი უკრაინის მთავრობაში ღიად ლობირებს ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".
„სამწუხაროდ, ოპოზიციის დღის წესრიგია – მაქსიმალურად ხელი შეეშალოს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით. მიუხედავად მათი ფასადური განცხადებებისა, რომ ქვეყანას რამენაირად უნდა შევაძლებინოთ, მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი, კულუარებში და ამ ფასადს მიღმა ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყანამ წარმატება არ მოიპოვოს", – განაცხადა მან.
შესაბამისად, პოდოლიაკის განცხადება მხოლოდ ამ მოტივით შეიძლება იყოს განპირობებული, სხვა ახსნა ამას უბრალოდ არ მოეძებნება, აღნიშნა სარჯველაძემ.
პაპუაშვილი: უკრაინას არ აქვს უფლება საქართველოს მორალური პედესტალიდან ესაუბროს>>
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
საქართველო-უკრაინის ურთიერთობები
2020 წელს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის გამო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობა უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. უკრაინული მხარე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო, მეტიც, სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებს.
საქართველოს მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რათა საკუთარი მდგომარეობა შეიმსუბუქონ. „ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი თანამოაზრეებიც ამისკენ ისწრაფვიან.
საქართველო-უკრაინის დიპლომატიური სკანდალი: ბრეგაძის კომენტარი ზელენსკის გადაწყვეტილებაზე>>
ურთიერთობების გაუარესების კიდევ ერთი მიზეზი გახდა უკრაინის მიერ საქართველოს ცალკეული მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინამ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი, შემდეგ კი – ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი.
გარდა ამისა, უკრაინას საქართველოში ელჩი ამ დრომდე არ დაუნიშნავს. ბოლო ელჩმა იგორ დოლგოვმა თანამდებობა 2022 წლის 24 ივნისს დატოვა.
ყველა ახალი ამბავი
0