პაპუაშვილი: უკრაინას არ აქვს უფლება საქართველოს მორალური პედესტალიდან ესაუბროს

© photo: Sputnik / Stringerუკრაინის სახელმწიფო სიმბოლიკა
უკრაინის სახელმწიფო სიმბოლიკა - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2023
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ითვალისწინებს უკრაინაში არსებულ ვითარებას და თავს იკავებს მკვეთრი კომენტარებისგან, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს უფლება, საქართველოს მორალური პედესტალიდან ესაუბროს, ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
2020 წელს საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის გამო ისედაც დაძაბული საქართველო-უკრაინის ურთიერთობები უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე კიდევ გაუარესდა. საქართველო კრიტიკის ქვეშ მოექცა, რადგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ შემოიღო და მსჯავრდებული სააკაშვილი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით არ გაათავისუფლა. ივლისის დასაწყისში უკრაინამ საქართველოს ელჩი ფაქტიურად გააძევა ქვეყნიდან.

„უკრაინას აქვს იმის მორალური უპირატესობა, რომ პედესტალიდან ესაუბროს ევროკავშირისა თუ დასავლეთის ბევრ ქვეყანას. თუმცა არ მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლებას ჰქონდეს საქართველოსთან მორალური პედესტალიდან საუბრის უფლება, იმ ქვეყანასთან, რომელმაც თავად სამი ომი გამოიარა რუსეთთან. ჩვენ როდესაც ამ ომში ვიყავით, არავისთვის არაფერი დაგვიყვედრებია, არაფერი მოგვითხოვია და არავისთვის ასეთი პედესტალიდან არ გვიყურებია. რა თქმა უნდა, უკრაინის ხელისუფლებას მორალური უფლება არ აქვს ქართველ ხალხს, საქართველოსა და მის ხელისუფლებას რაიმე მორალური პედესტალიდან ესაუბროს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ითვალისწინებს უკრაინის მდგომარეობას და თავს იკავებს მკვეთრი კომენტარებისგან, მაშინ, როდესაც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოზე თავდასხმები არ წყდება.
„ჩვენ დიდი ხანია ბევრი მიზეზის გამო ანგარიშს ვუწევთ უკრაინის ხელისუფლებას უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების გამო, ანგარიშს ვუწევთ გარემოებებს და იცით, რომ თავს ვიკავებთ ზედმეტი კომენტარებისგან, როდესაც უკრაინის ხელისუფლებას არჩეული აქვს ქართველ ხალხზე თავდასხმა, როგორც საკუთარი პოლიტიკა, რომელიც უკვე წლებია მიდის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თავდასხმებში მოიაზრება როგორც საქართველოში მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა, ასევე მისი თანამოაზრეების დაწინაურება უკრაინაში.
პრემიერი: უკრაინის ხელისუფლების ქცევა საქართველოს მიმართ ყოველგვარ ზღვარს სცდება >>
გარდა ამისა, პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ სააკაშვილის დაბრუნება სამშობლოში უკრაინის კონტრდაზვერვის მიერ იყო ორგანიზებული.
„ეს თავდასხმა გამოიხატება იმაში, რომ უკრაინის კონტრდაზვერვამ, დაზვერვის უმაღლესმა თანამდებობის პირებმა დაააორგანიზეს მიხეილ სააკაშვილის შემოპარვა საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან უკრაინის მოქმედებებს არამეგობრული უწოდა.

„საქართველო ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა უკრაინისთვის, რომელმაც ჩათვალა, რომ ქართველ ხალხთან მას არ სჭირდება ჰყავდეს ელჩი, რომელმაც ჩათვალა, რომ ქართველი ხალხის ელჩი არ უნდა ჰყავდეს საკუთარ დედაქალაქში, რომელიც ტყვიების ზუზუნში იყო იქ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება საკუთარი ხალხის ინტერესებს არის აცდენილი.
„ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის სახელმწიფოსა და ხალხს, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება დღეს აცდენილია საკუთარი ხალხის ინტერესებს, რადგან ის თავს ესხმის ქართველ ხალხს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველო-უკრაინის ურთიერთობები

2020 წელს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის გამო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობა უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. უკრაინული მხარე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო, მეტიც, სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებს.
საქართველოს მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რათა საკუთარი მდგომარეობა შეიმსუბუქონ. „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამოაზრეებიც ამისკენ ისწრაფვიან.
ურთიერთობების გაუარესების კიდევ ერთი მიზეზი გახდა უკრაინის მიერ საქართველოს ცალკეული მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინამ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი, ახლახან კი – ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი.
გარდა ამისა, უკრაინას საქართველოში ელჩი ამ დრომდე არ დაუნიშნავს. ბოლო ელჩმა იგორ დოლგოვმა თანამდებობა 2022 წლის 24 ივნისს დატოვა.
ყველა ახალი ამბავი
0