რთველი-2023: კახეთში 48 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2023
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებულია 300 ღვინის კომპანია, რომლებიც ეტაპობრივად ერთვებიან ფერმერებისგან ყურძნის მიღების პროცესში.
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. რთველი 2023-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 5 ათასამდე მევენახის მიერ ჩაბარებული 48 ათას ტონამდე ყურძენი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რთველი ტრადიციულად დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში დაიწყო, აქტიური რთველი ამ ეტაპზე სიღნაღის, დედოფლისწყაროს და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.
12 სექტემბრის მონაცემებით, გადამუშავებული ყურძნიდან 25 ათას ტონამდე „რქაწითელი", 18 ათას ტონამდე „საფერავი", 1,5 ათასი ტონა „კახური მწვანე" და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
„რთველი 2023"-ის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც რთვლის პროცესს უწევს ორგანიზებას, თელავში 24 აგვისტოს გაიხსნა. ბოლო მონაცემებით, მასში რეგისტრირებულია 300 ღვინის კომპანია, რომლებიც ეტაპობრივად ერთვებიან ფერმერებისგან ყურძნის მიღების პროცესში. ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 60-მდე მეღვინეობა, რთველის დაწყებიდან ყურძენი 115-მა ქარხანამ გადაამუშავა.
ღარიბაშვილი: ფერმერები შეძლებენ ყურძნის მთლიანი მოსავლის ჩაბარებას, მათ შორის დასეტყვილის>>>
გარდა ამისა, შეუფერხებლად მიმდინარეობს ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარების პროცესიც.
დაზიანებული ყურძენი
2-3 სექტემბერს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონის ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. სულ დაისეტყვა 3,5 ათასი ჰექტარი.
სახელმწიფო საწარმოს „მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ ამ ეტაპზე გადამუშავებულია 7 ათასამდე ტონა დაზიანებული ყურძენი. სახელმწიფო საწარმო დასეტყვილ ყურძენს 0,9 ლარად იბარებს.
ამ დროისათვის დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება 6 ლოკაციაზე მიმდინარეობს: თელავში (2 ლოკაცია), სიღნაღში, ყვარელსა და გურჯაანში (2 ლოკაცია).
დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირება 2023 წელსაც გადაწყვიტა.
მთავრობის განკარგულებით, ერთი კილოგრამი „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" ჯიშის ყურძნის სუბსიდიის ოდენობა 0,2 ლარი იქნება. კერძოდ, ყველა კომპანია, რომელიც მიიღებს და გადაამუშავებს 100 ტონაზე მეტს, მიიღებს კილოგრამზე 0,2 ლარის ოდენობის სუბსიდიას, თუ თითო კილოგრამ ყურძენს მინიმუმ 0,9 ლარის ფასად შეისყიდის.
მიმდინარე წელს 200.000 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. 2022 წელს დაახლოებით 256,5 ათასი ტონა ყურძენი დაიწურა, რის შედეგადაც ფერმერებმა 320,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
ყველა ახალი ამბავი
0