ღარიბაშვილი: ფერმერები შეძლებენ ყურძნის მთლიანი მოსავლის ჩაბარებას, მათ შორის დასეტყვილის

© photo: Sputnik / Stringerრთველი კახეთში
რთველი კახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2023
გამოწერა
პრემიერმა დაამშვიდა ფერმერები და განაცხადა, რომ სახელმწიფო დაზიანებულ ყურძენსაც ჩაიბარებს.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ქართველი ფერმერები 2023 წელს ყურძნის მთლიანი მოსავლის რეალიზებას შეძლებენ, მათ შორის დასეტყვილისაც, რომელსაც სახელმწიფო საწარმო 90 თეთრად ჩაიბარებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
გასულ შაბათ-კვირას ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. ადგილობრივი ხელისუფლება ზარალს ითვლის.

„ხალხს ყურძენი გამზადებული ჰქონდა ჩასაბარებლად და, სამწუხაროდ, სეტყვა მოვიდა. ამის მიუხედავად, მინდა მკაფიოდ განვაცხადო და დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ არცერთი კილოგრამი, დაზიანებული იქნება, დასეტყვილი თუ ჩვეულებრივი, არ დარჩება ჩაუბარებელი. სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად მათ შორის დასეტყვილ ყურძენსაც“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირება 2023 წელსაც გადაწყვიტა.
მთავრობის განკარგულებით, ერთი კილოგრამი „რქაწითელისა“ და „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძნის სუბსიდიის ოდენობა 0,2 ლარი იქნება. კერძოდ, ყველა კომპანია, რომელიც მიიღებს და გადაამუშავებს 100 ტონაზე მეტს, მიიღებს კილოგრამზე 0,2 ლარის ოდენობის სუბსიდიას, თუ თითო კილოგრამ ყურძენს მინიმუმ 0,9 ლარის ფასად შეისყიდის.
სეტყვა კახეთში - ფერმერებს ვენახების დაზღვევისკენ მოუწოდებენ >>
მიმდინარე წელს 200.000 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. 2022 წელს დაახლოებით 256,5 ათასი ტონა ყურძენი დაიწურა, რის შედეგადაც ფერმერებმა 320,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
ღარიბაშვილმა საზოგადოებას ასევე შეახსენა, რომ 10 წლის წინ ქვეყანაში 40 ღვინის კომპანია არსებობდა, დღეს კი მათი რაოდენობა 2500-მდე გაიზარდა.
სახელმწიფო სეტყვით დაზიანებულ ყურძენს ჩაიბარებს>>>
ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 10 წლის წინ ვენახების ფართობი მთლიანად შეადგენდა 25 ათას ჰექტარს, ახლა კი ვენახების ფართობი გაორმაგდა და ჯამურად ქვეყანაში 50 ათას ჰექტარზეა გაშენებული.
მისივე თქმით, გასულ წელს კახეთში მევენახეებმა ყურძნის მოსავლის რეალიზებით 270 მლნ ლარი მიიღეს.
„შედარებისთვის, თუ ავიღებთ, რა ხდებოდა 2012 წელს, მაშინ შემოსავალი იყო 35-40 მილიონი ლარი, მაქსიმუმ. ჯამში 10 წელიწადში 2 მილიარდ ლარზე მეტი მიიღეს შემოსავლები კახეთის მევენახეებმა და ფერმერებმა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სხვაობაა“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, შემოსავლებში ასეთი სხვაობა არ არის შემთხვევითი და წარმოადგენს სწორად დაგეგმილი და გააზრებული პოლიტიკის, დახმარებების, სუბსიდიის, უამრავი პროგრამის შედეგს, რაც დღემდე მუშაობს.
ღარიბაშვილმა ფერმერებს აგროდაზღევაში ჩართვისკენ მოუწოდა.

„ჩვენ შარშან გვქონდა, თუ არ ვცდები, 50%-იანი თანადაფინანსება და ჩვენ ეს გავზარდეთ 70%-მდე. ანუ 70% არის ჩვენი თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებელი გასაკეთებელი“, – განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა, ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა 2022 წელს ღვინის რეკორდული რაოდენობის რეალიზაციაზე – 103 მლნ ლიტრი.
„აქედან ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავლები შემოდის ქვეყანაში და ჩვენს მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება მეტი განვითარების, მეტი გამდიდრების და ა.შ. ჩვენ ამ პოლიტიკას შევინარჩუნებთ, გავაძლიერებთ, კიდევ მეტ დახმარებას გამოვუყოფთ ჩვენს მევენახეებს, ფერმერებს“, – განაცხადა პრემიერმა.
ქართული ღვინის პოპულარიზაცია სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ღვინოს საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში მეხუთე პოზიცია უკავია და მასზე მთელი ექსპორტის 4,5% მოდის.
რუსეთი უკვე წლებია ძირითადი ექსპორტიორია. სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში 252,5 მლნ დოლარის ღირებულების 103 მლნ ლიტრამდე ღვინოა ექსპორტირებული.
ყველა ახალი ამბავი
0