მეწყერი და წყალდიდობა გურიაში - პრემიერი დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა

© Courtesy of Administration of State Representative of Guria
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2023
გამოწერა
გურიის სოფლებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურ დახმარებას გაუწევს გურიის რეგიონში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ძლიერი ნალექის შედეგად 7-8 სექტემბრის ღამეს გურიაში მდინარეები ადიდდა, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა სახლები, ხიდები, სოფლებთან მისასვლელი გზები. დაზიანდა ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონები. სტიქიურ უბედურებას სამი ადამიანი შეეწირა, მათგან ორი არასრულწლოვანი.

„კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გურიაში დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, ჩვენს საზოგადოებას. დიდი ტრაგედია დატრიალდა გურიაში. ამ სტიქიურმა უბედურებამ შეიწირა ორი ბავშვის და ერთი ხანდაზმული ქალბატონის სიცოცხლე. კიდევ ერთხელ, ჩვენი მთავრობის სახელით, მინდა გამოვხატო სამძიმარი და ვუთხრა ოჯახებს, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, გურიაში მომხდარი სტიქია მთელი ქვეყნისთვის გამოწვევად იქცა. ტრაგედიის პირველივე წუთებიდან მთავრობის მეთაურის დავადებით მობილიზებული იქნა ყველა სამთავრობო სტრუქტურა.
სტიქიის კერები დაფიქსირდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 15 და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 22 დასახლებულ პუნქტში, აღნიშნა პრემიერმა.

„სტიქიის პირველივე დღიდან გურიაში სამაშველო ღონისძიებაში 200 მაშველი იყო ჩართული. უსაფრთხო ადგილზე მთლიანობაში გადაყვანილია 142 ადამიანი. გეოლოგების მიერ ორი დღის განმავლობაში შემოწმებული იქნა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების ცხრა უბანი", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა მოუწოდა გურიის მოსახლეობას, გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციები.

„სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი. მინდა მოწოდებით და თხოვნით მივმართო რეგიონის მოსახლეობას, რომ აუცილებელია ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება და აუცილებელია მათი დროებით გადაყვანა უფრო უსაფრთხო ადგილზე. ამიტომ მივმართავ ოჯახებს, მიჰყვნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციებს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, როგორც ლანჩხუთის, ისე ოზურგეთის რაიონების სოფლების მოსახლეობას წყალმომარაგება უკვე სრულად აღუდგა. რაც შეეხება ელექტროენერგიას, მისი მიწოდება ოზურგეთში სრულად, ლანჩხუთში კი ნაწილობრივაა აღდგენილი.

„რაც შეეხება ელექტროენერგიას, სტიქიის პირველ დღეს ოზურგეთში გათიშული იყო 8 ათასი აბონენტი, დღეს სრულად აღდგენილია ყველა მათგანი. ლანჩხუთში სტიქიის დღეს გათიშული იყო 7 ათასი აბონენტი და, დღეის მონაცემებით, დარჩენილია მხოლოდ 250 აბონენტი. დღის ბოლომდე 200 აბონენტს აღუდგება დენის მიწოდება", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება გაზმომარაგებას, კომპანია Socar Georgia Gas აბონენტების გაზმომარაგებას მას შემდეგ აღადგენს, რაც გზების გაწმენდის სამუშაოები დასრულდება.

„რაც შეეხება გაზს, სტიქიის პირველ დღეს ოზურგეთსა და ლანჩხუთში გათიშული იყო 3.627 აბონენტი. დღეის მდგომარეობით, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 791 აბონენტს. სოფლებში აქტიურად მიმდინარებს გზის გაწმენდის სამუშაოები, რის შემდეგაც კომპანია „სოკარი“ აღადგენს გაზის მიწოდებას", – განაცხადა პრემიერმა.

მისი განმარტებით, რეგიონებიდან მუნიციპალიტეტებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი უკვე დაურიგდა 235 ოჯახს.

„პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება ამ ოჯახებს. ჩვენ დავითვლით ზიანს და მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას, ვისაც ეს სტიქიური უბედურება შეეხო", – განაცხადა პრემიერმა.

მოსახლეობას დახმარებისთვის შეუძლია დარეკოს ნომრებზე: 551 38 38 05 (გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია), 577 601 304 (ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლება), 599 05 87 00 (ლანჩხუთის ადგილობრივი ხელისუფლება).
ყველა ახალი ამბავი
0