საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა: ბოლო ცნობები

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2023
გამოწერა
საქართველოში გაიცემა ათი ტიპის ბინადრობის უფლება: შრომითი, სასწავლო, საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის, ოჯახის გაერთიანების მიზნით, მოქალაქეობის არმქონე პირთათვის, სპეციალური, მუდმივი, საინვესტიციო, დროებითი და მოკლევადიანი.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უცხო ქვეყნის 250-მა მოქალაქემ მიიღო, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დეპუტატების მოთხოვნის საპასუხოდ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა ინვესტიცია არანაკლებ 300.000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, ან საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300.000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა უცხოელმა, რომელმაც 2023 წელს მიიღო საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, იგი საკუთრების ფლობის საფუძველზე მიიღო.
შრომითი მიგრანტები ბინადრობის ნებართვის მიღებას შეძლებენ>>>
2022 წელს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა 350 უცხოელზე გაიცა. 2014 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა სულ 1.287-მა უცხოელმა მიიღო, საიდანაც პირდაპირი ინვესტიცია 566-მა განახორციელა.
საინვესტიციო საქმიანობის მიზნით ბინადრობის ნებართვა უცხოელზე 5 წლის ვადით გაიცემა. ამასთან, ამ დროის განმავლობაში უცხოელი ვალდებულია შეინარჩუნოს ის ქონება, რომლის საფუძველზეც გაიცა ბინადრობის ნებართვა.
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ უცხოელს არ დაუდასტურდება საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50.000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100.000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120.000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში წლიური ბრუნვა.
ყველა ახალი ამბავი
0