დარჩიაშვილი - საქართველოში ბორელის ვიზიტი ევროინტეგრაციის პროცესზე გავლენას იქონიებს

© Ministry of Foreign Affairs of Georgiaილია დარჩიაშვილი და ჟოზეპ ბორელი
ილია დარჩიაშვილი და ჟოზეპ ბორელი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ხელისუფლება გააგრძელებს რეფორმების გატარებას იმ დრომდე, ვიდრე საქართველო არ გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, და ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჟოზეპ ბორელის ვიზიტი პროცესზე შესაბამის გავლენას მოახდენს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, ის ქვეყნის ხელმძღვანელობას და მთავრობის წევრებს ხვდება. ვიზიტის ფარგლებში ბორელი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის დეპუტატებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
პარასკევს ბორელმა პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გამართა.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, ისე დროის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, რომ მას პროცესზე შესაბამისი გავლენა ექნება, რადგანაც ჩვენ ძალიან დეტალურად ვესაუბრებით ბატონ ბორელს იმ გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გასწია 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და მთავარი მიზნის მისაღწევად, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს", – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მინისტრის თქმით, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელს საკმაოდ დატვირთული დღე ელოდება, თუმცა, როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია მან ხელისუფლების ყველა შტოს მთავარი გზავნილი მოისმინოს.

„ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში არ ვამთავრებთ რეფორმების პროცესს. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველო არ გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. შესაბამისად, ეს არის პროცესი, რომელშიც მთლიანად ჩართულია ხელისუფლება, მმართველი გუნდი და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის რეფორმირებას", – განაცხადა დარჩიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის გარდა, ბორელმა დღეს შეხვედრა გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
კანდიდატის სტატუსს დამსახურება სჭირდება, ბევრი სამუშაოა შესასრულებელი - ბორელი>>>
ბორელმა გუშინ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უნდა დამსახურება სერიოზული რეფორმებითა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებით და ამ მხრივ საქართველოს ბევრი სამუშაო აქვს შესასრულებელი.
მისი თქმით, ევროკომისიის მიერ შემუშავებული 12 პრიორიტეტის შესრულება საჭიროა არა ბრიუსელის დასაკმაყოფილებლად, ბრიუსელში ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხალხის გასაბედნიერებლად, არამედ საბოლოო ჯამში ეს საჭიროა საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება" აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან მათი თანხმობის მოსაპოვებლად. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ სტატუსის მხარდაჭერის გარანტიები რამდენიმე ქვეყნისგან უკვე მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0