საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი: „ქართულმა ოცნებამ“ 80 ხელმოწერა შეაგროვა

© photo: Sputnik / Stringerმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2023
გამოწერა
პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ხელისუფლება ვალდებულია რეაგირება მოახდინოს, ირწმუნება მდინარაძე
თბილისი, 7 სექტემბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ერთიანია ქვეყნის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხში, პროცედურის დასაწყებად საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების 80 ხელმოწერა უკვე შეგროვდა, განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
ზურაბიშვილმა ევროპული ტურნე მთავრობის თანხმობის გარეშე 31 აგვისტოს დაიწყო, 1 სექტემბერს კი მმართველმა პარტიამ მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა. „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან“ შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
„რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცედურას, გროვდება ხელმოწერები. დაახლოებით, 80 ხელმოწერაა უკვე. ვინც ფიზიკურად ადგილზეა, იმპიჩმენტის დაწყების პროცედურას ყველამ ხელი მოაწერა. უმრავლესობა ამ პოზიციაზე ერთიანია“, - განუცხადა ჟურნალისტებს მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, ახლა საჭიროა ნოტარიულად დადასტურდეს, საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართულ ოცნებას“ ვინ წარმოადგენს. ამის შემდეგ საპროცედურო კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას დაადგენს და სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება.
რაც შეეხება პოლიტიკურ, მორალურ თუ იურიდიულ მხარეს, აქ, მდინარაძის თქმით, იურიდიულად საკამათო არაფერია - კონსტიტუცია დარღვეულია.
„პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო არც შარშან და არც წელს იმსახურებს სტატუსს, თავად არ უნდა ითხოვდეს მთავრობისგან თანხმობას, რომ მათ ნაცვლად წარმოადგინოს ქვეყანა უცხოეთში. კონსტიტუციაში წერია, რომ ეს მთავრობის საქმეა და არა – მისი“, - აღნიშნა მდინარაძემ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - ზურაბიშვილი წინასაარჩევნო დაპირებებს ასრულებს >>
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ“.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა“ და მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებით, მხოლოდ 83 მანდატი აქვს.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია, „ქართული ოცნებას" კი ოპოზიციის იმედი არ აქვს. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი და „რადიკალური ოპოზიცია" ერთ მხარეს არიან.
ყველა ახალი ამბავი
0