პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - ზურაბიშვილი წინასაარჩევნო დაპირებებს ასრულებს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2023
გამოწერა
მმართველი პარტია პრეზიდენტის საქმიანობის შეზღუდვას ცდილობს, განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ ვიზიტების განხორციელებით ასრულებს თავის მოვალეობას და წინასაარჩევნო დაპირებებს – გააკეთოს ყველაფერი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის, განაცხადა სახელმწიფოს მეთაურის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.
ზურაბიშვილმა ევროპული ტურნე მთავრობის თანხმობის გარეშე 31 აგვისტოს დაიწყო, 1 სექტემბერს კი მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა. „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან“ შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.

„საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს თავის უმაღლეს ვალდებულებას, ეს არის ხალხის ნება. პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებას, რომლის ქვაკუთხედიც იყო ქვეყნის ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია, და ასევე კონსტიტუციურ ვალდებულებას – მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის", – განაცხადა მსხილაძემ.

მისი თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული ტექნიკური საკითხები მხოლოდ პრეზიდენტის საქმიანობის შეზღუდვას ემსახურება.
„ტექნიკური საკითხები, რომელიც წამოიწყო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“, ერთადერთ რამეს შეიძლება ემსახურებოდეს – ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით. იმპიჩმენტის პროცედურა საკმაოდ დროში გაწელილია, ამიტომ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ", – განაცხადა მსხილაძემ.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა“ და მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებით, მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
პრემიერი: პრეზიდენტმა დემონსტრაციულად დაარღვია ქვეყნის კონსტიტუცია>>>
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია, „ქართულ ოცნებას" კი ოპოზიციის იმედი არ აქვს. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი და „რადიკალური ოპოზიცია" ერთ მხარეს არიან.
როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ დოკუმენტების მომზადება ოთხშაბათისთვის დასრულდება, რის შემდეგაც ისინი საპროცესო საკითხთა კომიტეტს გადაეცემა, შემდეგ – საკონსტიტუციო სასამართლოს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. სამმა ქვეყანამ განაცხადი თითქმის ერთდროულად გააკეთა, თუმცა კანდიდატის სტატუსი მხოლოდ მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0