ვოლსკი: წელგამართული ვართ რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიევროკავშირის სამიტი ბრიუსელში
ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2023
გამოწერა
მმართველი პარტია აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან მათი თანხმობის მოსაპოვებლად.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ევროკავშირის 12 პირობის სრულად შესასრულებად დარჩა სასამართლო რეფორმასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის საკითხებზე მუშაობის დასრულება, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეპ ბორელი ორდღიანი ვიზიტით თბილისში 7 სექტემბერს ჩამოდის. პოლიტიკოსები ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ოპოზიციის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი გადამწყვეტი იქნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ კი ვიზიტს ევროკავშირის მხარდაჭერად აფასებენ.

„თემა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ წელგამართული ვართ რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით. დასამთავრებელია ცესკოს თემა, რომელიც მნიშვნელოვანია და ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც უნდა მივიღოთ სასამართლო რეფორმის თემასთან მიმართებაში. ასე რომ, ჩვენ საკმაოდ მტკიცე პოზიცია გვაქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რეფორმების გატარება სასამართლო სისტემაში ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მესამეა. რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ ყველა ცვლილება ამ მიმართულებით სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის – საკონსტიტუციო სამართლის საკითხებზე ევროპის საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს რეკომენდაციებს.
ივნისის ბოლოს ევროკომისიის შუალედური ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ რეკომენდაციების მესამე პუნქტი ნაწილობრივ არის შესრულებული და საქართველომ გაწეული მუშაობის შედეგები მეორე შეფასების მისაღებად ვენეციის კომისიას უნდა გაუგზავნოს, ასევე შეავსოს ვაკანტური ადგილები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეფორმის გატარების თაობაზე საუბარია ევროკავშირის მეორე რეკომენდაციაში, რომელიც ინსტიტუციების ეფექტიანობის ამაღლებას ეხება. აღნიშნული რეკომენდაცია მოიცავს სამ სფეროს: საპარლამენტო ზედამხედველობა; საარჩევნო რეფორმა; საჯარო სამსახურის რეფორმა.
კობახიძე: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა იზრდება>>>
ამ ეტაპზე ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა მხოლოდ სამი პირობა. 22 ივნისს გამოქვეყნებული ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ინსტიტუტების ეფექტიანობის გაუმჯობესების რეკომენდაცია ნაწილობრივაა შესრულებული.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება" აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან მათი თანხმობის მოსაპოვებლად. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ სტატუსის მხარდაჭერის გარანტიები რამდენიმე ქვეყნისგან უკვე მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0