შეხვედრა სოჭში: ერდოღანმა დასავლეთის იმედები ისევ არ გაამართლა

© photo: Sputnik / Sergei Guneev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2023
გამოწერა
4 სექტემბერს სოჭში რეჯეფ ერდოღანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც პრეზიდენტებმა მარცვლეულის გარიგების განახლებასა და სხვა მრავალ საკითხზე ისაუბრეს. როგორ აფასებენ ამ შეხვედრას რუსეთში, „რია ნოვოსტის“ მიმომხილველის სტატიიდან შეიტყობთ.
პიოტრ აკოპოვი
პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა სოჭში პირველი იყო გასული წლის შემოდგომის შემდეგ. მაშინ პრეზიდენტები ორჯერ შეხვდნენ შუა აზიის სამიტების ფარგლებში. მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სოჭში შეხვედრა პირველი მოლაპარაკება გახდა თურქეთის პრეზიდენტის ხელახლა არჩევიდან სამი თვის შემდეგ, ვინაიდან ამას ბევრი სპეკულაცია უძღოდა წინ ანკარის კურსის შეცვლის შესახებ.
თურქეთშიც და რუსეთშიც ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ „ერდოღანი დასავლეთისკენ იხრება". ამისთვის ყველაფერს იყენებდნენ, მათ შორის ისეთ ნაბიჯებსაც, რომლებიც მოსკოვს აშკარად არ მოსწონდა. მაგალითად, აზოველების გადაცემას კიევისთვის, რომლებიც თურქეთში იმყოფებოდნენ. ასე რომ, ამ შეხვედრას ორი ლიდერის განწყობა და რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების მდგომარეობა უნდა გამოეხატა. და სწორედ ეს საკითხი იყო მისი მთავარი ინტრიგა და არა მარცვლეულის გარიგების განახლება.
იმიტომ, რომ მარცვლეულის გარიგებასთან დაკავშირებით ყველაფერი ისედაც ნათელი იყო: ეს არ მოხდება, რადგან თურქეთს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს დასავლეთის პოზიციაზე რუსეთის პირობების შესრულების საკითხში. და ეს შეხვედრამაც დაადასტურა.
სამაგიეროდ ამის ნაცვლად არსებობს რუსეთის შეთანხმება თურქეთთან და კატართან რუსული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ. ის ხელსაყრელია როგორც მოსკოვისთვის, ისე ანკარისთვის, რომლებიც არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პრობლემების გადაჭრისთვის არიან განწყობილი, არამედ სურთ, რომ ეს ურთიერთობები უფრო დამოუკიდებელი გახადონ გარე ძალების გავლენისგან.
ფორმულირება „ორი ქვეყნის ურთიერთობა არ არის დამოკიდებული გარე გავლენაზე“ მოსკოვისა და პეკინის მიერ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების მიმართ გამოიყენება, მაგრამ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებშიც არის სურვილი და შესაძლებლობა მსგავსი კავშირების შექმნისა.
დიახ, თურქეთი ნატოს წევრია, მას აქვს პრეტენზიები კავკასიაში (რუსეთის ინტერესების ზონა) გავლენის გაზრდაზე, ორ ქვეყანას შორის სირიის საკითხზეც არის უთანხმოება, რომ აღარაფერი ვთქვათ ანკარის პოზიციაზე უკრაინის მიმართ. მაგრამ ნატოს, უკრაინისა და სირიის საკითხშიც ერდოღანი თავის თამაშს თამაშობს, თურქეთის ინტერესების შესაბამის პოზიციას იკავებს (რა თქმა უნდა, მისი გაგებით) და არ არის სხვისი ნების შემსრულებელი და მესამე ქვეყნების ინტერესების გამტარებელი.
და ამაშია კოლექტიური დასავლეთის ქვეყნების ლიდერებისგან მისი პრინციპული განსხვავება: ის არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკოსი, რომელიც ხელმძღვანელობს მხოლოდ საკუთარი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებით. ეს უფრო მეტად აერთიანებს მას პუტინთან, ვიდრე ყველა სხვა ობიექტური და სუბიექტური პრობლემა და უთანხმოება ჩვენს ქვეყნებს შორის.
„ერდოღანთან საქმის დაჭერა შეიძლება", — არაერთხელ უთქვამს პუტინს. იგივე შეუძლია თქვას თურქეთის პრეზიდენტმა თავის რუს კოლეგაზე, რომელთანაც უკვე ორი ათეული წელია მუშაობს.
სწორედ ამიტომ სოჭში ერდოღანმა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში ახალი პროექტების შესახებ ისაუბრა, მათ შორის კიდევ ერთი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზეც. იმიტომ კი არა, რომ პუტინისთვის თავი მოეწონებინა ან მოესყიდა იგი სხვა მიმართულებებით დათმობების მიზნით, არამედ იმიტომ, რომ იცის, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს მომავალი აქვს.
თანაც ნათელი მომავალი, იმიტომ რომ ეს ორივე ქვეყანას მოუტანს სარგებელს, და იმიტომ, რომ მათი განვითარება მხოლოდ მოსკოვსა და ანკარაზეა დამოკიდებული. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პრობლემები მარადიული არ არის, და თუ სამმა ომმა, რომელშიც ჩვენი ქვეყნები ასე თუ ისე არიან ჩართული (სირიაში, ყარაბაღსა და უკრაინაში), ვერ შეძლო პუტინისა და ერდოღანის ურთიერთობების დაზიანება, ეს იმიტომ კი არა, რომ ისინი უთანხმოებებზე თვალს ხუჭავდნენ, არამედ იმიტომ, რომ გულწრფელად ცდილობდნენ მათი გადაჭრის გზების პოვნას.
და ხშირად პოულობდნენ კიდეც, თუნდაც იგივე სირიაში, სადაც ბოლო დღეების მოვლენებმა (არაბების აჯანყება ქურთების წინააღმდეგ) ახალი შესაძლებლობები გააჩინა რუსეთისა და თურქეთის პოზიციების დაახლოებისთვის.
ერდოღანის ჟესტები დასავლეთისკენ კი მისი მუდმივი თამაშის ელემენტად უნდა აღვიქვათ ყველა ფრონტზე. აშშ-თან ურთიერთობების პრინციპული გაუმჯობესება შეუძლებელია, ისევე, როგორც შეუძლებელია თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება. და ერდოღანი ამას კარგად ხვდება.
შეუძლებელია იმიტომ, რომ თურქეთის პრეზიდენტი არ აპირებს დათმობას მისთვის პრინციპულ საკითხებში (როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკაში), არ აპირებს უარი თქვას თურქეთის ინტერესებზე (სირიაში, კავკასიაში, კვიპროზე, საბერძნეთთან ურთიერთობებში და ა.შ.), თუმცა დასავლელი პარტნიორები მისგან სწორედ ამას მოითხოვენ.
მათ ძალიან სურთ თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების შეცვლა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ეს ურთიერთობები გაუარესდეს, ერდოღანს დასავლეთისთვის მხოლოდ მათი განვითარების შეთავაზება შეუძლია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0