როგორ მიმდინარეობს კახეთში დასეტყვილი ყურძნის ჩაბარების პროცესი?

© photo: Sputnik / Stringerრთველი კახეთში
რთველი კახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2023
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, სახელმწიფო საწარმოების მიერ ჯამში გადამუშავებულია 500 ტონა დაზიანებული ყურძენი.
„თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. სეტყვით დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.
შაბათს, 2 სექტემბერს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. მთავრობამ პირობა დადო, რომ დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმოები ჩაიბარებენ. თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

„წინასწარი მონაცემებით, სეტყვისგან დაზიანებულია 3,5 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი, განსაკუთრებით, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტები, ამიტომაც განსაკუთრებით დატვირთულია სოფელ აკურაში მდებარე სახელმწიფო საწარმო. როგორც ხედავთ, პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს", – აღნიშნა მეხუზლამ.

მეხუზლა კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად სოფელ აკურაში არსებულ სახელმწიფო საწარმოში დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო.
სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, მოსახლეობა აქტიურად აბარებს დაზიანებულ ყურძენს. ამ დროისათვის დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევაში სააგენტო მზადყოფნას გამოთქვამს კიდევ ორი ლოკაცია დაამატოს.
მეხუზლამ წლევანდელ რთველის სეზონზე კერძო სექტორის აქტიურობა განსაკუთრებით აღნიშნა. მისი თქმით, უკვე გადამუშავებულია 11 ათასი ტონა ყურძენი. გარდა ამისა, სახელმწიფო საწარმოების მიერ ჯამში გადამუშავებულია 500 ტონა დაზიანებული ყურძენი.

„ის დაზიანებული ყურძენი, რომელიც საღვინედ არ გამოდგება, სასპირტედ გადამუშავდება სახელმწიფო საწარმოში", – განმარტა მან.

დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირება 2023 წელსაც გადაწყვიტა.
ღარიბაშვილი: ფერმერები შეძლებენ ყურძნის მთლიანი მოსავლის ჩაბარებას, მათ შორის დასეტყვილის>>>
მთავრობის განკარგულებით, ერთი კილოგრამი „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" ჯიშის ყურძნის სუბსიდიის ოდენობა 0,2 ლარი იქნება. კერძოდ, ყველა კომპანია, რომელიც მიიღებს და გადაამუშავებს 100 ტონაზე მეტს, მიიღებს კილოგრამზე 0,2 ლარის ოდენობის სუბსიდიას, თუ თითო კილოგრამ ყურძენს მინიმუმ 0,9 ლარის ფასად შეისყიდის.
გარდა ამისა, სახელმწიფო საწარმომ მზადყოფნა გამოთქვა მევენახეებისგან მიიღოს კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძენი და ფერმერებს 1 კილოგრამში 90 თეთრი გადაუხადოს.
„რთველი 2023"-ის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც რთვლის პროცესს უწევს ორგანიზებას, თელავში 24 აგვისტოს გაიხსნა. ბოლო მონაცემებით მასში დარეგისტრირებულია 110 ღვინის კომპანია, რომლებიც ფერმერებისგან ყურძენს შეისყიდიან.
მიმდინარე წელს 200.000 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. 2022 წელს დაახლოებით 256,5 ათასი ტონა ყურძენი დაიწურა, რის შედეგადაც ფერმერებმა 320,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
ყველა ახალი ამბავი
0