„ჩვენი ხვალინდელი დღე იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ აღვზრდით მომავალ თაობას“

© courtesy of Iza Shubitidzeიზა შუბითიძე
იზა შუბითიძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2023
გამოწერა
იზა შუბითიძის ინიციატივით ბაისუბნის სკოლაში საქველმოქმედო ფონდი დაარსდა.
მართალია, საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს იწყება, გადავწყვიტეთ ძველ ტრადიციას არ ვუღალატოთ და სკოლასა და მოსწავლეებზე პირველ სექტემბერს ვისაუბროთ. საამისოდ ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იზა შუბითიძე შევარჩიეთ. პედაგოგობის გარდა ის ლექსებს წერს და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრიცაა. ამის გარდა სკოლაში გარკვეულ ტრადიციებსაც ჩაუყარა საფუძველი, მათ შორის იმას, რომ ეროვნული სამოსის დღეს მოსწავლეებთან ერთად სკოლაში ყოველთვის ქართულ სამოსში გამოწყობილი მიდის.
© courtesy of Iza Shubitidzeიზა შუბითიძე
იზა შუბითიძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2023
იზა შუბითიძე
- ქალბატონო იზა, თქვენ, გარდა იმისა, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლით, პოეტიც ხართ და ეს თქვენ პასუხისმგებლობას, ალბათ, გარკვეულად აორმაგებს კიდეც...
- პოეტი - ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ნოდარ დუმბაძის არ იყოს – „ეკონომიკურზე რომ ვარ, ბატონო ნიკო, იმიტომ უკვირთ ჩემი პოეტობა, თორემ ფილოლოგიურზე რომ ვიყო, ვიღას გაუკვირდებოდა“. ჰოდა, გასაკვირიც არაა, ფილოლოგი ვარ და უბრალოდ შეიძლება ვიღაცაზე უკეთ გავრითმო ტალახი და ბალახი. კოლეგებისგან კი შეიძლება პოეზიის დიდი სიყვარულით განვსხვავდები და ვცდილობ მოსწავლეებსაც შევყარო ეს სიყვარული „როგორც სენი უკურნებელი’’. სახალისო და უფრო გასაგებია ლექსად, ნახევრად ხუმრობით დაწერილი, დაფაზე გაკრული საყვედური, შენიშვნა თუ დავალება, რომელსაც შედეგი აუცილებლად მოჰყვება. საზოგადოება ყოველთვის ინტერესით ელის რაღაც ახალს, კრეატიულს და პოეზიის თანხლებით გამართულ ჩვენს ნებისმიერ ღონისძიებას, სადაც ჩემს ბავშვებთან ერთად ყოველთვის ვიღებ მონაწილეობას.
© courtesy of Iza Shubitidzeმოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2023
მოსწავლეებთან ერთად
- მასწავლებელი მისაბაძი პიროვნება უნდა იყოს, თქვენს ბავშვობაში ვის ბაძავდით?
- მშობლის შემდეგ ბავშვისთვის ყველაზე სანდო, მისაბაძი და მაგალითის მიმცემი მასწავლებელია. მე მყავდა მასწავლებელი ელიკო მუმლაძე (ჩინჩალაძე), რომელიც ჩემი მეზობელი იყო. საოცარი გადმოცემის უნარით, პროგრესულობით, სამართლიანობით გამოირჩეოდა. მისით აღფრთოვანებული ვიყავი. ათას საინტერესო ამბავს მიყვებოდა. ლამაზად დახრილი ასოებით წერდა და სულ ვცდილობდი, რომ მასავით დამეწერა.
© courtesy of Iza Shubitidzeკოლეგებთან და მოსწავლეებთან ერთად
კოლეგებთან და მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2023
კოლეგებთან და მოსწავლეებთან ერთად
- მასწავლებლად გახდომის სურვილიც ბავშვობაში გაგიჩნდათ?
- სკოლაში საოცარი პედაგოგები მყავდა, მათ ვბაძავდი და „მასწავლებლობანას“ გარდა, მგონი, ბავშვობაში არაფერი მითამაშია. ნორა ჭიპაშვილმა კი, ჩემმა საოცარმა ქართულის მასწავლებელმა სურვილი გამიჩინა, რომ ფილოლოგი გავმხდარიყავი და მეწერა. „დამნაშავე ხარ, მასწავლებელო, რად მომიწონე ლექსი პირველი“. არიან მასწავლებლები, რომლებზეც, როგორც ბელ კაუფმანი იტყოდა, „ყოველთვის იქნებიან, ვიდრე არიან ბავშვები, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს იტყვიან: ოდესღაც მე მყავდა მასწავლებელი". ახლა, როცა თვითონ ვარ მასწავლებელი, ამ რთულ და დაძაბულ დროში, თუ სადღაც, ვიღაც რომელიმე ჩვენგანზეც იტყვის ამ სიტყვებს, ალბათ სწორედ ესაა ჩვენი უკვდავება. ჩვენ ხომ არ ვიცით, რამდენ სულზე ვახდენთ გავლენას...
© courtesy of Iza Shubitidzeიზა შუბითიძე
იზა შუბითიძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2023
იზა შუბითიძე
- თქვენი ნება რომ იყოს, სასწავლო პროგრამაში რა ცვლილებებს შეიტანდით?
- ბევრი გამორჩეული ავტორის ათასი კარგი ლექსია ისეთი, რომელსაც პროგრამაში უთუოდ შევიტანდი. მაგალითად, ასეთებია თანამედროვე პოეტები: ტარიელ ხარხელაური, ბესიკ ხარანაული, ზეინაბ მეტრეველი, მანანა ჩიტიშვილი, ბონდო ტეფნაძე, გიგლა ჭინჭარაული, მინდია ზვიადაური, ლევან ალავერდაშვილი, ედუარდ უგულავა... ერთხელ მოსწავლეებს დავავალე ანა ლაშხელი-ონიანის პატარა ნოველა ‘’აკვანი’’ წაეკითხათ და თან გავაფრთხილე – არ გაბედოთ და უცრემლოდ არ წაიკითხოთ–მეთქი. წაიკითხეს და იტირეს. მერე ადამიანის ამქვეყნად ყოფნის აზრზე დაფიქრდნენ. მათ უნდა ისწავლონ სწავლა და როცა პოეზიაზე ვისაუბრებთ, ეს იგივე ცხოვრებაზე ლაპარაკია. მოსწავლემ უნდა ისწავლოს უმთავრესი საკითხები, შეითვისოს მთავარი ღირებულებები და შეიძინოს მთავარი უნარები. პირველ რიგში, სკოლაში ჰუმანური პედაგოგიკის მტკიცე საფუძველი, ფუნდამენტი უნდა ჩაიყაროს, რაც ბავშვის მიმართ გამოხატული უპირობო სიყვარულია. ბავშვს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის უყვართ, მიუხედავად ყველაფრისა, რაც უნდა დააშავოს. ჩვენი ხვალინდელი დღე იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ აღვზრდით მომავალ თაობას.
© courtesy of Iza Shubitidzeეროვნული სამოსის დღეს მოსწავლეებთან ერთად
ეროვნული სამოსის დღეს მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2023
ეროვნული სამოსის დღეს მოსწავლეებთან ერთად
- რა გეხმარებათ ბავშვებთან ურთიერთობის დროს?
- ცხოვრების მანძილზე ბევრი კარგი ადამიანი შემხვდა გზად. ჩემს ბედში მონაწილეობისთვის ყველას მადლობას ვუხდი. მას მერე ვცდილობ, რომ მათ მიერ მოძღვნილ სიყვარულის ნაპერწკალს სული შევუბერო და ცეცხლად დავანთო. სწორედ ეს სიყვარული მეხმარება ბავშვებთან ურთიერთობაში. მათგანაც ძალიან ბევრს ვსწავლობ და მინდა, რომ მადლობა ვუთხრა. ჩემს სამყაროს ბავშვები ამკობენ და ალამაზებენ, ჩემში მცხოვრები ღმერთის მწამს და იმის, რომ ყველაფერი კარგად იქნება...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0