კალაძე: თბილისში წვიმა 2015 წლის ივნისში წყალდიდობის დროს მოსულ ნალექზე ორჯერ ძლიერი იყო

© Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2023
გამოწერა
დედაქალაქის მერმა 2015 წლის ტრაგედიასთან პარალელები გაავლო.
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ნალექი, რომელიც გუშინ საღამოს თბილისში მოვიდა, ორჯერ ძლიერი იყო იმ წვიმაზე, რომელმაც 2015 წლის ივნისში დამანგრეველი წყალდიდობა გამოიწვია, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
გუშინ ძლიერმა წვიმამ და ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა. დედაქალაქში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები, მიწისქვეშა გადასასვლელები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. თბილისის მერიამ დედაქალაქის მოსახლეობას ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. რიგ შენობებში, მათ შორის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სახურავიდან წყალი ჩავიდა. გარდა ამისა, ქალაქში გააქტიურდა მეწყრული პროცესები.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, გუშინ სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას", – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, გუშინდელმა ნალექმა მოიცვა თბილისის მთელი ტერიტორია.
2015 წლის 13 ივნისს ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა. მაშიენ სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, კიდევ ორი ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაიკარა. სტიქიამ 200-მდე ოჯახი დააზარალა.
SOS! სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ>>>
სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ქალაქის ინფრასტრუქტურა. დედაქალაქის ზოოპარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი სტიქიამ იმსხვერპლა. ზოგიერთი ცხოველი, მათ შორის მტაცებლები, ქუჩაში აღმოჩნდა. მტაცებლების ნაწილის დაძინება და მუნიციპალურ თავშესაფარში დაბრუნება შეძლეს, ნაწილის კი ლიკვიდაცია გახდა საჭირო.
ოფიციალური ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი გახდა. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოსვლამ ვერეს ხეობაში წყალდიდობა და გამანადგურებელი პროცესები გამოიწვია. მოვარდნილმა ღვარცოფმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. თითქმის მთლიანად დაიტბორა „მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორია.
ზარალმა დაახლოებით 90 მილიონი დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0