მიწის მასის ჩამოშლა რაჭაში გზაზე: დეტალები

© photo: Sputnik / Stringerდანგრეული გზა რაჭაში
დანგრეული გზა რაჭაში - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2023
გამოწერა
მიწის მასის ჩამოშლის დროს არავინ არ დაშავდა, გზა მსუბუქი ავტომობილებისთვის გახსნილია, განაცხადა მერის მოადგილემ
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუდალში ხიდის მშენებლობის დროს ფერდის ნაწილის ჩამოშლამ ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის ერთ-ერთი მონაკვეთის დაზიანება გამოიწვია, მაგრამ ამან ტრანსპორტის მოძრაობა ვერ შეაფერხა, განაცხადა ონის მერის მოადგილე გიორგი ნოდარიშვილმა.
მიწის მასა შაბათს ჩამოიშალა.
„ქუთაისი-ალპანა-მამისონის 107-ე კილომეტრზე სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დროს ეს საფრთხეც მოსალოდნელი იყო... სამუშაოების დროს არავინ დაშავებულა. გზა არის გახსნილი მსუბუქი ავტომანქანებისთვის“, – განაცხადა გიორგი ნოდარიშვილმა.
აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოებს აწარმოებს კომპანია „არეა ქონქრეთ ჯგუფი“. როგორც მისმა წარმომადგენელმა განმარტა, მიწის ჩამოშლის განმეორების საფრთხე არ არსებობს.
„ბეტონის მასა არ არის ჩამოსული. ჩამოსულია ფერდი, რომელიც იყო გამოფიტული, თუმცა ამ ყოველივეს მოველოდით. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური გათვალისწინებით მოხდა გზის სავალი ნაწილის შემცირება. აღნიშნული ადგილი პარაპეტებით არის შემოსაზღვრული... მიმდინარე ეტაპზე გამეორების საფრთხე არ არსებობს“, – განაცხადა „არეა ქონქრეთ ჯგუფის“ წარმომადგენელმა.
მისი თქმით, სამუშაოების საბოლოო მიზანია - ახალი ხიდის აგება.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, ფერდის ჩამოშლილ მონაკვეთზე ბზარი თავიდანვე იყო. ამიტომ ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის გზის სავალი ნაწილი შემოსაზღვრული იყო პარაპეტებით, რის გამოც ჩამოშლილი მიწის მასა „არ გასცდენია პარაპეტებით შემოსაზღვრულ ადგილს და საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა“.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიწის ჩამოშლა გამოიწვია ხიდის მშენებლობისას კლდის მოჭრამ, არ შეესაბამება სინამდვილეს, აღნიშნეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ყველა ახალი ამბავი
0