„ხალხის ძალა“: ამერიკული სტანდარტით, მთელი ქართული ოპოზიცია დასაჭერია

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2023
გამოწერა
თუ პროკურატურა ტრამპს ბრალს უყენებს მისი განცხადების გამო, აშკარაა, რომ ამერიკული დემოკრატია „ტოტალურ კრიზისშია“, ნათქვამია განცხადებაში.
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ამერიკული სტანდარტით დასაჭერია მთელი ქართული ოპოზიცია, ოპოზიციური ტელეარხების და მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
„ხალხის ძალა“ გამოეხმაურა აშშ-ის ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებას: „შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუების მიზნით“. საბრალდებო დოკუმენტში ნათქვამია, რომ „არჩევნების დღიდან ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ბრალდებული ტრამპი ავრცელებდა სიცრუეს, რომ არჩევნები გაყალბდა და რეალურად მან გაიმარჯვა. ამასთან, მათი მტკიცებით, ტრამპმა იცოდა, რომ წააგო.

„გამოდის, რომ ამერიკული სტანდარტით საქართველოში დასაჭერი ყოფილა მთელი ოპოზიცია, ყველა ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელი და მდიდარი „ენჯეოების“ ყველა თავმჯდომარე. იმავეს ვერ შევკადრებთ ამერიკის ელჩს და ევროკავშირის მაშინდელ „ამერიკელ“ ელჩს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ქართველი ხალხის მოტყუება თავადაც სცადეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ხალხის ძალაში“ დიპლომატები დაადანაშაულეს იმაში, რომ მათ ოპოზიციის ყალბი ბრალდებები არჩევნების გაყალბების შესახებ პოლიტიკურ კრიზისად მონათლეს და ამ ყველაფრის საფუძველზე მმართველ პარტიას 19 აპრილის კაბალურ შეთანხმებაზე მოაწერინეს ხელი (ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით).
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არჩევნების გაპროტესტების საქმეზე ტრამპისთვის ბრალის წაყენება სრული აბსურდია, რადგან ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ მხოლოდ ეჭვი გამოთქვა, მაგრამ არავითარი აქტიური ქმედება არ განუხორციელებია. და თუ ამისათვის მას პროკურატურა ბრალს უყენებს, აშკარაა, რომ ამერიკული დემოკრატია „ტოტალურ კრიზისშია“.
რაც შეეხება საქართველოს, აქ, „ხალხის ძალის“ აზრით, რადიკალების დადანაშაულებისათვის ყველა საფუძველი არსებობს.
დონალდ ტრამპს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს >>
„ქართველი რადიკალები არა მხოლოდ ეჭვს გამოთქვამდნენ, არამედ პერმანენტულ აქციებს აწყობდნენ, ცესკოში შეჭრას ცდილობდნენ, პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ, რამდენიმე თვე პარლამენტის წინააღმდეგ საბოტაჟს ახორციელებდნენ და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. ეს ყველაფერი პირდაპირ იყო მხარდაჭერილი მდიდარი „ენჯეოების“ მიერ“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ხალხის ძალაში“ არასამთავრობო ორგანიზაციები დაადანაშაულეს იმაში, რომ მათ გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები, ოქმებში ზედმეტობის მონაცემები, იტყუებოდნენ, რომ ცესკომ დაგვიანებით გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები და ამ ყველაფრის გამო არჩევნების ლეგიტიმურობა თავადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.

„ყალბ ბრალდებებზე საპასუხოდ ხელისუფლებამ შექმნა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, გადათვალა მრავალი ათეული საარჩევნო უბანი, უტყუარად დაამტკიცა, რომ არა არჩევნები, არამედ პარალელური ხმის დათვლის შედეგები იყო გაყალბებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ოპოზიცია და მისი უცხოელი და შიდა მფარველ-სატელიტები პარლამენტის არალეგიტიმურობაზე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ავრცელებდნენ ტყუილებს პარლამენტის არალეგიტიმურობის შესახებ, ნათქვამია განცხადებაში.
„საქართველოში მოქმედი ქართული, ადამიანის უფლებებთან შესაბამისობაში მყოფი სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე ნამდვილად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ შეთქმულებისა და ქართველი ხალხის მოტყუების გამო. იმედი გვაქვს, პროკურატურა სერიოზულად დაინტერესდება ამ საკითხით“, – ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
„ხალხის ძალაში“ მიაჩნიათ, რომ ამას ექნება მნიშვნელოვანი პრევენციული ეფექტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც.
აშშ-ის მიზანი საქართველოს სასამართლო სისტემის დამორჩილებაა - „ხალხის ძალა" >>
ოპოზიციამ და „ქართულმა ოცნებამ“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მალევე დაიწყეს დიალოგი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად. ოპოზიციამ არჩევნებს გაყალბებული უწოდა. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები – აშშ და ევროკავშირის ელჩები დიალოგში შუამავლის როლს ასრულებდნენ.
ოპოზიცია მოითხოვდა ვადამდელ არჩევნებს, საარჩევნო კოდექსის ცვლილებას, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას და „პოლიტპატიმრების“ - ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას.
კრიზისის აღმოსაფხვრელად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აპრილში საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შესთავაზა, ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე, რომელიც ყველა პოლიტიკური პარტიისთვის იქნებოდა მისაღები.
ოპოზიციური პარტიებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა 19 აპრილს ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად. ამასთან, უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელის მოწერაზე მაშინ უარი განაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0