ტრაგედია შოვში: დაკარგული ადამიანების საძიებო სამუშაოები არ წყდება

© Ministry of Internal Affairs of Georgiaსაძიებო სამუშაოები შოვში
საძიებო სამუშაოები შოვში - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2023
გამოწერა
ტრაგედიიდან მე-18 დღეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე კურორტ შოვის ტერიტორიაზე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. რაჭის კურორტ შოვის სტიქიის ზონაში საძიებო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ დაკარგული ადამიანების პოვნის მცირე თეორიული შანსი მაინც იარსებებს, განაცხადა რაჭის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ.
რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიამ 27 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ექვსი ადამიანია მიჩნეული. პირველივე დღეებში მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს
„27 დაღუპულიდან 25 ცხედარი არის იდენტიფიცირებული, პროცედურები სჭირდება დნმ-ის ანალიზს. 60 კილომეტრზე მეტია ძებნის არეალი. სამაშველო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება ჩვენი დაკარგული მოქალაქეების პოვნის“, - განუცხადა ჟურნალისტებს მარგველიძემ.
მისი თქმით, ტრაგედიიდან მე-18 დღეს საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე კურორტ შოვის ტერიტორიაზე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში.
მარგველიძის თქმით, მეტეოროლოგიური პირობების გამო საძიებო სამუშაოები არ შეფერხებულა.
„მიწის მასისგან გასუფთავება მიმდინარეობს და პარალელურად კინოლოგები მუშაობენ, სადაც ხდება სამძებრო სამუშაოები“,- განაცხადა რაჭის გუბერნატორმა.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სტიქიური უბედურების ტერიტორიის სრულ გამოკვლევას ორი დღე დასჭირდება>>
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
გომელაური: სტიქიის ზონაში ყველა სამსახური მაქსიმალურს აკეთებს>>
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
ყველა ახალი ამბავი
0