საწვავის გაზრდილი ფასებით გაყიდვა - დააჯარიმეს ხუთი მსხვილი კომპანია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliავტოგასამართი სადგური
ავტოგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2023
გამოწერა
კომპანიებს გადაწყვეტილების გასაჩივრება კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლიათ, აღნიშნეს ანტიმონოპოლიურ სამსახურში.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საავტომობილო საწვავის ხუთი მსხვილი რეალიზატორი კომპანია საერთო ჯამში 4 მილიონი ლარით დაჯარიმდა „კონკურენციის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო, ნათქვამია საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მის მიერვე ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე საავტომობილო საწვავის ბაზარზე ხუთი ეკონომიკური აგენტის მოქმედების თაობაზე 2022 წლის 16 აგვისტოს დაწყებული კვლევა დაასრულა. საკითხი ეხება საწვავის მაღალ ფასებს საცალო ბაზარზე 2022 წლის მარტი–აგვისტოს პერიოდში.

„კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს „რომპეტროლ საქართველოს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. კერძოდ, შესყიდვის ან გაყიდვის ფასის, ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ჯარიმისა, ბაზრის კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით კომპანიებს აუცილებელი რეკომენდაციები მისცეს.
სააგენტოში აღნიშნეს, რომ კომპანიებს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად ნავთობპროდუქტების ბაზარზე ვითარება ნორმალიზებულია, თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სააგენტო ქვეყანაში საწვავის ბაზრის მონიტორინგს გააგრძელებს.
ბაზრის მონიტორინგი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საწვავის მაღალი ფასების მიზეზებით 2022 წლის მაისში დაინტერესდა. საკითხში გარკვევა მთავრობის ეკონომიკურ საბჭოს დაევალა, ბაზრის მიმოხილვა და ბაზრის მდგომარეობის შესახებ საბოლოო ანგარიშის წარმოდგენა კი კონკურენციის სააგენტოს დაეკისრა.
საწვავის ფასები საქართველოში დაბალი რჩება - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი>>
კონკურენციის სააგენტომ ქვეყანაში საწვავის ხუთი მსხვილი რეალიზატორის საქმიანობის შესწავლა ბაზრის 2022 წლის შვიდი თვის მონიტორინგის შემდეგ დაიწყო. მისი შედეგების მიხედვით, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების კლებისა და ეროვნული ვალუტის გამყარების მიუხედავად საქართველოში საწვავის ღირებულება მაღალი რჩებოდა.
ამის შემდეგ სააგენტო მონიტორინგის პროცესიდან გადავიდა მოკვლევის პროცესზე, რომლის მიზანი იყო გარკვევა, რამდენად კეთილსინდისიერი იყო 2022 წლის 7 თვეში საწვავის რეალიზატორი კომპანიების მოქმედება და ხომ არ უკავშირდებოდა ის რაიმე არასაბაზრო ძალების შედეგად ფორმირებულ ფასს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო ადრე განაცხადა, რომ საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტიორები მუშაობენ მაღალი მოგებით, სხვაობა ავტომობილის საწვავის თვითღირებულებასა და მის ფასს შორის ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრზე 0,80-1 ლარს შეადგენს, რაც მიუღებელია და შესწავლას საჭიროებს.
საიდან შემოდის საწვავი საქართველოში: ქვეყნების ტოპ-ხუთეული>>
საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.
ამჟამად საშუალო ფასი 1 ლიტრ საწვავზე ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ამგვარია: რეგულარი – 2,69-2,70 ლარი, პრემიუმი – 2,69-2,95 ლარი, სუპერი – 3,65-3,7 ლარი, ევრო დიზელი – 2,90-3,0 ლარი, დიზელი – 2,65-2,95 ლარი.
ყველა ახალი ამბავი
0