ცნობილი ლოტბარის ოჯახი, პირადი ტრაგედია და სიმღერა, რომელიც არ შეწყდა
17:32 11.08.2023 (განახლებულია: 14:13 14.08.2023)
© courtesy of Tamar Barbakadzeთამარ ბარბაქაძე
© courtesy of Tamar Barbakadze
გამოწერა
ადამიანის მომავალ ცხოვრებას ბევრად განსაზღვრავს ის, თუ რა ოჯახში აღიზარდა და რა გარემოში გაიარა მისმა ბავშვობამ. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ხელოვანი თამარ ბარბაქაძეა.
ბავშვობიდან ეამაყებოდა, რომ ცნობილი ლოტბარის ნოე ბარბაქაძის შვილი იყო. ნიჭიერ ადამიანს უყვარდა ხალხური შემოქმედება, არაჩვეულებრი ხმა და გამორჩეული გარეგნობა ჰქონდა. ამ ადამიანმა ხალხური სიმღერა ზემო იმერეთში ბევრს შეასწავლა. თავად მას სიმღერა შეაყვარეს ისეთმა დიდმა შემოქმედებმა, როგორებიც იყვნენ სანდრო კავსაძე, ვანიჩკა ხატელიშვილი, მარო თარხნიშვილი და მიხეილ სებუა. შემდეგ თვითონ სახელმწიფო ანსამბლში მღეროდა.
ბუნებრივია, ხალხური შემოქმედება მის ოჯახში გაზრდილ ქალიშვილებსაც შეუყვარდათ, ისინი სცენაზე გამოდიოდნენ „დები ბარბაქაძეების“ სახელით. სხვათა შორის, მათი სიმღერა თავის დროზე რევაზ ლაღიძესაც მოუსმენია.
© photo: courtesy of Tamar Barbakadzeთამარ ბარბაქაძე
თამარ ბარბაქაძე
© photo: courtesy of Tamar Barbakadze
- ქალბატონო თამარ, რას გაიხსენებთ მამაზე და ბავშვობაზე?
- მამა ნიჭიერი ადამიანი და გამორჩეული ბედის კაცი იყო. საუბრის მისეული მანერა, არაჩვეულებრივად ჟღერადი ხმა და გამორჩეული გარეგნობა ჰქონდა. შეიძლება ითქვას, ამ ადამიანმა ხალხური სიმღერა ზემო იმერეთში ლამის ყველას შეაყვარა და შეასწავლა. არაჩვეულებრივი ტენორი გახლდათ და სახელმწიფო ანსამბლში მღეროდა. იყო არაერთი კონკურსის ლაურეატი და მრავალგზის გამარჯვებული.
© photo: courtesy of Tamar Barbakadzeთამარ ბარბაქაძე
თამარ ბარბაქაძე
© photo: courtesy of Tamar Barbakadze
- საბოლოოდ სიმღერას არ გაჰყევით. რა პროფესია აირჩიეთ?
- დიახ, სხვა პროფესია ავირჩიე. სამრეწველო საქონელმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე და საქონელმცოდნედ, ინჟინერ-ნორმადარად ვმუშაობდი. შემდეგ წარმატებით გავიარე სტაჟირების, ატესტაციის კურსები და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფირმა "აჭარაგროსერვისის" სასაქონლო ექსპერტად დავინიშე. შემდეგ ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტში ლექტორად ვმუშაობდი.
© photo: courtesy of Tamar Barbakadzeთამარ ბარბაქაძე
თამარ ბარბაქაძე
© photo: courtesy of Tamar Barbakadze
- თქვენმა მამამ პირადი ტრაგედიის მიუხედავად სცენაზე და სიმღერაზე უარი არ თქვა...
- სანამ ეს ტრაგედია მოხდებოდა, ყველანი ბედნიერები ვიყავით ოჯახში, სადაც სულ სიმღერა და მხიარულება იყო. თუმცა მამას ამ სფეროში მოღვაწეობა მეუღლისა და შვილის გარდაცვალების შემდეგაც არ შეუწყვიტია, რადგან ის ნამდვილი პროფესიონალი და თავისი საქმის ერთგული კაცი იყო. სხვაგვარად არ შეეძლო, რადგან სიმღერა მისთვის ყველაფერი იყო.
© photo: courtesy of Tamar Barbakadzeქალიშვილთან და სიძესთან ერთად
ქალიშვილთან და სიძესთან ერთად
© photo: courtesy of Tamar Barbakadze
- ოჯახი როგორ შექმენით?
- ბედის ირონიას დავარქმევდი ჩემს სიყვარულთან შეხვედრას თელეთში, უმაღლეს კომკავშირულ სკოლა "ბორის ძნელაძეში" სწავლის დროს. იქ იძულებითი მივლინებით აღმოვჩნდი. ღმერთს მადლობა, სასაყვედურო არაფერი მაქვს. ჩვენმა შეხვედრამ გაამართლა და ტკბილი ოჯახი შევქმენით.
© photo: courtesy of Tamar Barbakadzeთამარ ბარბაქაძე
თამარ ბარბაქაძე
© photo: courtesy of Tamar Barbakadze
- თანამედროვე ახალგაზრდობა რამდენად მოგწონთ?
- მომწონს თანამედროვე ახალგაზრობა, მათი აზროვნების და თავისუფლების ხარისხი, შეცდომა მგონია, როცა მხოლოდ მძინარე შვილებს ჰკოცნიან, ვერ ვიტან უადგილო მაღალფარდოვნებასა და ბარბარიზმებს.
© photo: courtesy of Tamar Barbakadzeშვილიშვილთან ერთად
შვილიშვილთან ერთად
© photo: courtesy of Tamar Barbakadze
- ბავშვობის თვისებებიდან რომელი გამოგყვათ და რა შეიცვალა თქვენში?
- ვფიქრობ, ადამიანის მთავარი თვისებები, რაც თავიდანვე ჩამოუყალიბდა, ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება. ჩემ შემთხვევაში მთავარი თვისება სიბეჯითეა. თუმცა როგორც ჩვეულებრივ მოკვდავს, ბევრი ნაკლიც მაქვს. გარეგნულად ამაყი ვჩანვარ, თუმცა ამპარტავნებას ვერავინ დამწამებს. ასაკთან ერთად, ბოლო დროს ვამჩნევ, სენტიმენტებიც მომემატა. დასავლური კილოკავი არ დამიკარგავს, რადგან ძალიან ორგანულია. მიმაჩნია, რომ განმარტოება ზოგჯერ დოპინგია. მიყვარს წიგნების კითხვა, რასაც სიმშვიდე და ჰარმონია მოაქვს ჩემთვის. კიდევ სოფელი მიყვარს, ოღონდ, წუთი რომაა, ეგ არა...
ნინო მამულაშვილი