ტყუილი და ცილისწამება! მინისტრი რიკოთის ავტომაგისტრალის უსაფრთხოების საკითხზე

© photo: Sputnik / Stringerრიკოთი
რიკოთი - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2023
გამოწერა
შოვის ტრაგედიის ფონზე რიკოთის თემის წამოწევა აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია, განაცხადა ქარსელაძემ
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციის ნაწილის ბრალდებები რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და მოსახლეობის დაშინებას ისახავს მიზნად, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე რიკოთის უღელტეხილზე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას მოითხოვს. ხაზარაძის აზრით, აქ აუცილებელია უსაფრთხოების, მეწყერსაშიში ზონების და ფინანსების შემოწმება. პოლიტიკოსის მტკიცებით, მშენებლობის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს და შეიძლება რიკოთი მორიგი დიდი კატასტროფა გახდეს.
„გუშინ მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიცრუე, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდებები, ცილისწამება. ასეთი ტიპის კამპანია მანამდეც იყო, მაგრამ შოვის სტიქიასთან პარალელების გავლება, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოა და აბსოლუტურად მიუღებელი", - განაცხადა ქარსელაძემ ჟურნალისტებთან.
ოპოზიციონერმა აღნიშნული საკითხი კურორტ შოვის ტრაგედიის ფონზე წამოსწია. ბოლო მონაცემებით 3 აგვისტოს შოვში მომხდარი დამანგრეველი მეწყერის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულად ითვლება 11 ადამიანი. მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
„ყველაზე მიუღებელი რაც არის, მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი მოსახლეობის ხელოვნურად დაძაბვა, დაშინება შეშინება ხდება... ამ ფონზე მსგავსი ქმედება აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია“, - განაცხადა მინისტრმა.
რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო პირველად 30 მარტს აიკრძალა.
ავტომაგისტრალზე ავტომობილების მოძრაობა 10 აპრილს აღდგა სპეციალური რეჟიმით – დღისით სამგზავრო ტრანსპორტისა და მსუბუქი ავტომობილებისთვის, ხოლო ღამით – სატვირთო მანქანებისთვის.
რიკოთის უღელტეხილი
რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E-60) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. ამ მონაკვეთის დასრულება მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
დეპუტატი: ოპოზიცია რიკოთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების თემით სპეკულირებს>>>
ამ დროისათვის რიკოთის პროექტი 73%-ით არის რეალიზებული. უკვე გაჭრილია 41 გვირაბი, აშენებულია 63 ხიდი. პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს.
რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში გარდამტეხი პროექტია, რადგან მისი რეალიზაციის შედეგად ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან სრულდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0