დეპუტატი: ოპოზიცია რიკოთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების თემით სპეკულირებს

© photo: Sputnik / Stringerსამშენებლო სამუშაოები რიკოთზე
სამშენებლო სამუშაოები რიკოთზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2023
გამოწერა
ოპოზიციის ხედვები მიზანმიმართულია იმისკენ, რომ ის პროცესები დააზიანოს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აღნიშნა მიქანაძემ
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციის ნაწილი რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების საკითხით სპეკულირებს და უსაფრთხოების თემის ხელოვნურად წამოწევას ცდილობს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.
ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე რიკოთის უღელტეხილზე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას მოითხოვს. ხაზარაძის აზრით, აქ აუცილებელია უსაფრთხოების, მეწყერსაშიში ზონების და ფინანსების შემოწმება.
„რა თქმა უნდა, მშენებლობის შემდეგ კონსტრუქციის ექსპერტიზა ტარდება და დასკვნები იდება. ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით „ლელო“ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები სპეკულირებენ იმისთვის, რომ რაღაც თემა შექმნან და ხელოვნურად წამოწიონ", - განაცხადა მიქანაძემ.
დეპუტატის თქმით, აღნიშნულ პროექტებს მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და სხვა ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა აქვს. მისი თქმით, არც ერთი მათგანი ინვესტირებას ისეთ პროექტებში არ განახორციელებდა, რომელზეც უსაფრთხოების საკითხებზე კითხვები არსებობს.
„საქართველოს რეალობაში დაცულია ყველა საერთაშორისო სტანდარტი, მათ შორის, უზრუნველყოფილია საექსპერტო დასკვნები. ამ ხელისუფლების პირობებში ასე იყო და ასე იქნება", - აღნიშნა მიქანაძემ.
რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო პირველად 30 მარტს აიკრძალა.
ავტომაგისტრალზე ავტომობილების მოძრაობა 10 აპრილს აღდგა სპეციალური რეჟიმით – დღისით სამგზავრო ტრანსპორტისა და მსუბუქი ავტომობილებისთვის, ხოლო ღამით – სატვირთო მანქანებისთვის.
რიკოთის უღელტეხილი
რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E-60) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. ამ მონაკვეთის დასრულება მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ხმები რიკოთის უღელტეხილზე სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ: ხელისუფლების პასუხი>>>
ამ დროისათვის რიკოთის პროექტი 73%-ით არის რეალიზებული. უკვე გაჭრილია 41 გვირაბი, აშენებულია 63 ხიდი. პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს.
რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში გარდამტეხი პროექტია, რადგან მისი რეალიზაციის შედეგად ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან სრულდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0