საქართველო Belavia-სთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საკითხის შესწავლის შემდეგ მიიღებს

© photo: Sputnik / Stringerავიაკომპანია Belavia
ავიაკომპანია Belavia  - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2023
გამოწერა
საქართველომ, დაწესებული სანქციების საფუძველზე, 2023 წლის ივნისში ავიაკომპანია Belavia-ს ქვეყანაში Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით ფრენა შეუზღუდა.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო შეისწავლის აშშ-ის მიერ ბელარუსული ავიაკომპანია Belavia-ს მიმართ დაწესებულ სანქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
შეერთებულმა შტატებმა 9 აგვისტოს ბელარუსთან მიმართებით სანქციების სია გააფართოვა და მასში რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის, ავიაგადამზიდი Belavia შეიყვანა.

„სააგენტო, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, დეტალურად შეისწავლის აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების მიერ ავიაკომპანია Belavia-ს მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, უწყება მუდმივად ახორციელებს სანქციების მონიტორინგს. სწორედ დაწესებული სანქციების საფუძველზე 2023 წლის ივნისში ავიაკომპანია Belavia-ს ქვეყანაში Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით ფრენა შეეზღუდა.
„ავიარეისები აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ საქართველოს მიმართულებით სრულდება Embraer-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით", – ნათქვამია განცხადებაში.
2022 წელს მგზავრების რაოდენობის მიხედვით Belavia-ს მეოთხე ადგილი ეკავა. ავიაკომპანია ყოველდღიურ ფრენებს ახორციელებს თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით, ბათუმის მიმართულებით კი რეისები კვირაში ოთხჯერ ხორციელდება.
საქართველო და საერთაშორისო სანქციები
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამავდროულად, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტურალ დახმარებას უწევს.
ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე სანქციების დარღვევაზე ქვეყნის მიმართ წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა.
ოპოზიცია მრავალი თვე ადანაშაულებდა ხელისუფლებას სანქციების თავიდან არიდებაში რუსეთის დახმარებაში, მაგრამ ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში, რომლებიც საქართველოში 2023 წლის ივნისში იმყოფებოდნენ, დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მუშაობა.
ყველა ახალი ამბავი
0