„ჩემს წარმოდგენებში ხან მილედი ვიყავი, ხან ესმერალდა, ხან კოზეტა“ - შეყვარებული ბლოგერი
11:56 09.08.2023 (განახლებულია: 14:10 14.08.2023)
© courtesy of Margot Lescautნათია ნაკაშიძე

© courtesy of Margot Lescaut
გამოწერა
,,ჩემი საფრანგეთი არის ჩემი „შინ“, ჩემი „ბებიის სახლი“, ერთი სული მაქვს, გაკვეთილები როდის დამიმთავრდება სკოლაში და კარს შევუღებ ყიჟინით: „ბები, მოვედი!“
აი, ეს არის ჩემთვის საფრანგეთი! – ეს ნათია ნაკაშიძეა, მოგზაური და ბლოგერი, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს საფრანგეთი შეუყვარდა და ფრანკოფილად იქცა. დღეს მას იცნობენ ფსევდონიმით მარგო ლესკო.
თავის ფოტოებში „მის საფრანგეთს“ და მისთვის მშობლიურ ფრანგულ კადრებს იღებს. მონაწილეობა აქვს მიღებული თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში „არტისტერიუმი“. 2016 წელს საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქოლგის“ ფინალისტი გახდა. რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. უცხოელ ფოტოგრაფებთან ვორქშოფები გაიარა, მისი ფოტოები სამ სხვადასხვა კატალოგშია შესული.
რაც შეეხება მის ბლოგებს, ისინი ქართველ ტურისტებს საფრანგეთს უფრო ახლოდან აცნობს. ერთ მშვენიერ დღეს საკუთარი შთაბეჭდილებები მოაქცია წიგნში „ჩაი ერთისთვის“.
- ნათია, ვისთვის „დაამზადეთ“ თქვენი „ჩაი ერთისთვის” და ფოტო-ამბები და ნოველები?
- როცა რაღაცას ვწერ, ვცდილობ ამბავი ისე იყოს შეფუთული, რომ ბოლოში როცა გავა, მკითხველს თბილად გაეღიმოს, მაგრამ ამავე დროს პირში მსუყე სიტკბოს გემო არ დაუტოვოს. ჩემი წიგნი „ჩაი ერთისთვის“ სამნაწილიანია: ავტობიოგრაფიული ამბები, ნოველები და სატირა. რაც შეეხება ფოტონოველებს, როგორც ასეთი, დასრულებული ამბების ფორმა არ აქვს, ეს უფრო ჩემს არაცნობიერში შენახული ემოციებია, რაც ხან ფრანგი მოხუცი კეკლუცი ქალის მეშვეობით წამოჰყოფს თავს, ხან მიტოვებული კაცის, ხანაც ფლამენკოს ყოფილი მოცეკვავე ქალის „დახმარებით“. როდესაც ფოტოს ვიღებ, ამბავიც იქვე იბადება.
© FB/ Margot Lescautნათია ნაკაშიძის მიერ გადაღებული ფოტო

ნათია ნაკაშიძის მიერ გადაღებული ფოტო
- თქვენი რომელი პერსონაჟი გახსენდებათ?
- ერთ ქალს გავიხსენებდი, რომელიც პარიზის რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე გადავიღე. მის წვივებს და ფეხსაცმელებს რომ შევხედე, მისი „ისტორიაც“ თვალწინ დამიდგა: „მკაცრი სახე წინ წამოწეული ცხვირით და ზედა ყბით, დიდი, მრგვალი შუბლი და გადატკეცილი თმა, არ გინდა ქვემოთ ჩააყოლო თვალი, ეგრევე ხვდები, რომ ესპანელია. ესპანელი ქალი წარსულით, მთელი Historia de un Amor რომ სახეზე აწერია, თითოეულ ღრმა ნაოჭზე, თვალების მოძრაობაზე, პირის კუთხეებზე, პომადის ფერზე, საყურის სიგრძეზე, ართრიტისგან ფორმადაკარგულ თითებზე. მერე ქვემოთ ათვალიერებ, ჩადიხარ ფეხსაცმელებამდე და უცებ ყურში ჩაგესმის ქუსლების რიტმული კაკუნი და ტაში. მერე ფანჯრიდან ჩუმად უჭვრეტდა აი, იმ დიდ ბიჭს, ყველაზე კარგად რომ ცეკვავდა მათ დასახლებაში. ვინ იცის, იქნებ პარალელური ხაზებიც იკვეთებიან სხვა სამყაროში?..“
© FB/ Margot Lescautნათია ნაკაშიძის მიერ გადაღებული ფოტო

ნათია ნაკაშიძის მიერ გადაღებული ფოტო
- რას იტყვის ნათია მარგო ლესკოზე?
- მარგო ლესკო ფსევდონიმად ავირჩიე იმიტომ, რომ პაპაჩემის დას ერქვა მარგო, რომელიც ძალიან ძლიერი, დამოუკიდებელი და ჭკვიანი ქალი იყო. ჩემთვის ეს სახელიც მასთან ასოცირდება. ლესკოს რაც შეეხება, მანონ ლესკო მიყვარდა ადრეულ ასაკში და ეს სახელი და გვარი ერთმანეთს კარგად გაერითმა.
© FB/ Margot Lescautნათია ნაკაშიძის მიერ გადაღებული ფოტო

ნათია ნაკაშიძის მიერ გადაღებული ფოტო
- ფოტოებს ძირითადად რა თემატიკაზე იღებთ?
- ყველაზე მეტად იმ თემებზე მომწონს მუშაობა, რომელიც ამ ჩემს ოთხ გატაცებას აერთიანებს: წერა, ფოტოგრაფია, საფრანგეთი და მოგზაურობა. მოკლედ, მე ქუჩის ფოტოგრაფი ვარ და ფოტოებზე ამბების მოგონება მიყვარს. პარიზში ბევრი საყვარელი ადგილი მაქვს, მაგრამ ერთი მათგანი მაინც გამორჩეულად მიყვარს, ოღონდ რითია ის გამორჩეული, არ ვიცი. სრულიად ჩვეულებრივი, პატარა ქუჩაა — Rue Georges Berger, ცენტრიდან საკმაოდ შორს, მე-17 რაიონში, მყუდროდ მიმალული ორ დიდ გამზირს შორის. ალბათ სულ 200 მეტრი სიგრძის იქნება, მაგრამ როცა პარიზში ვარ, ყოველთვის მივდივარ ამ ქუჩაზე, სადაც აუხსნელი ბედნიერების განცდა მიჩნდება.
© FB/ Margot Lescautნათია ნაკაშიძის მიერ გადაღებული ფოტო

ნათია ნაკაშიძის მიერ გადაღებული ფოტო
- ამის შემდეგ მაინც გკითხავთ: რა არის თქვენთვის საფრანგეთი?
- ამ სიყვარულს ღრმა ფესვები აქვს, ის დედისგან და ბავშვობიდან მოდის. დედა ფრანგული ენის პედაგოგი იყო და ფრანგული ლიტერატურა, კინო, მუსიკა დღემდე უყვარს. სტუდენტობისას ფრანგულენოვან ანსამბლში მღეროდა. ფრანგულ წიგნებს გვიკითხავდა და ფრანგულ სიმღერებს გვასწავლიდა. ძალიან ბევრს გვიყვებოდა საფრანგეთსა და ფრანგულ კულტურაზე. ჩემს წარმოდგენებში ხან მილედი ვიყავი, ხან ესმერალდა, ხან კოზეტა, სკოლის სპექტაკლშიც მაქვს ნათამაშები კოზეტას როლი ფრანგულად. ამ ყველაფერმა ღრმა კვალი დატოვა ჩემზე და ჩემს ინტერესებზე, მისწრაფებებსა და ზოგადად ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა.
ნინო მამულაშვილი